„მსოფლიოში ფართოდ ცნობილი უკრაინული „ხორბლის ბეღელი“ დღეს შხამიანია“ – Responsible Statecraft

57
spot_img

„უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი, რაც ევროპის საშუალო ზომის ქვეყნის ფართობს უდრის, საშინლად გაჭუჭყიანებულია. უკრაინა ნამდვილ ეკოლოგიურ კატასტროფას განიცდის – მიწა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მოსავლისათვის აღარ ვარგა“, – აღნიშნულია აშშ-ის ქუინსის ინსტიტუტის ჟურნალ Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მსოფლიოში ფართოდ ცნობილი უკრაინული „ხორბლის ბეღელი“ დღეს შხამიანია“ (ავტორები – ალიონა მელნიკი და სერა კულაბდარა, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მკვლევარები), რომელშიც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხის პერსპექტივა მსოფლიოსათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თანამედროვე იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენებისას, რაკეტების, ჭურვებისა და ცეცხლმტყორცნების მეშვეობით ნიადაგში უამრავი შხამიანი (ტოქსიკური) ელემენტები გროვდება, რაც სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ომის დაწყებამდე უკრაინული მარცვლეულით და კვების პროდუქტებით მთელ მსოფლიოში 400 მილიონამდე ადამიანი მარაგდებოდა, ახლა კი, როცა საომარი ოპერაციები დიდი ინტენსივობით სწორედ მარცვლეული კულტურების მოყვანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში [ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე) მიმდინარეობს, სურსათის ნაკლებობის რისკები საკმაოდ მაღალია.

უკრაინის ნიადაგის გაჭუჭყიანება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მიწა გაჯერებულია ისეთი ტოქსიკური ქიმიური ელემენტებით, როგორებიცაა დარიშხანი, ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით.

თუ დროულად არ იქნა გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებული, აღნიშნული ელემენტები საკვებ პროდუქტებში მოხვდება, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის.

პრობლემა იმაშია, რომ უკვე გამოყენებული საბრძოლო მასალებიდან (ჭურვებიდან, ბომბებიდან და რაკეტული საწვავიდან) გაჟონილი ქიმიური ნივთიერებები ნიადაგში ათეული წლების განმავლობაში რჩება, მიწა კი ისეთი რესურსია, რომლის განახლება ძალიან რთულია. ბუნებრივი ციკლის მიხედვით, ერთი სანტიმეტრი სასარგებლო ნიადაგის მისაღებად დაახლოებით 200-400 წელია საჭირო, ხოლო 20 სანტიმეტრისა – თითქმის 6 ათასი წელი. ასე რომ, ამჟამად უკრაინაში უმოწყალოდ და სწრაფად ნადგურდება ის უდიდესი სიმდიდრე, რაც ბუნებამ ათასობით წლების განმავლობაში შექმნა.

რა თქმა უნდა, ის საშინელება, რაც უკრაინის ნაყოფიერ მინდორ-ველებზე ხდება, ახალი და უცნობი არ არის. იმ ადგილებში მეორე მსოფლიო ომის ოპერაციებიც მიმდინარეობდა, მაგრამ დღევანდელი უბედურება იმდროინდელი ნეგატიურ შედეგებს ბევრად აღემატება. ნიადაგებისათვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს თანამედროვე ომებს, როცა ბევრი ქიმიური ნივთიერებებია გამოყენებული – მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში… ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. გასაკვირი არაა, რომ ჩვენი პლანეტის 50 ქვეყანა ზარალდება ნაღმების, ჭურვებისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით, მთელი აკრძალული ზონებია შექმნილი, რადგანაც ნიადაგი გამოუსადეგარია.

დაკარგულის აღსადგენად მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ. შემუშავებულია სპეციალური პროექტები, რომელთა მიზანია ნიადაგისათვის და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შეფასება, ზარალის აღდგენა და ექსპერტების მომზადება. მაგრამ პროექტის განხორციელება რომ დაიწყოს, ამისათვის ჯერ მთავარია ომი შეწყდეს და მშვიდობა დამყარდეს.

წყარო