2022 წელს მსოფლიოში 5 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე – 4,9 მილიონამდე შემცირდა. შესაბამისი კვლევის შედეგებზე Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), მსოფლიოს ჯანმრთელობის ორგანიზაციამ (WHO) და მსოფლიო ბანკმა ჩაატარეს. მათი მონაცემებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2000 წლის შემდეგ 51%-ით არის შემცირებული, 1990 წლის მონაცემებთან შედარებით კი 62%-ით.
ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობიარობის დროს გართულებები რჩება. 2000 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით 162 მილიონი დაღუპული ბავშვიდან 72 მილიონი სიცოცხლის პირველივე თვეშია გარდაცვლილი. სხვა მიზეზებს შორისაა რესპირატორული ინფექციები, მალარია, დიარეა.
თუმცა კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სიკვდილიანობის დონის შემცირება სტაგნაციისა ან გაუარესების რისკის ქვეშაა. მსოფლიოს უჭირს გაეროს 2030 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, რომელიც ყოველ 1000 ცოცხლად დაბადებულ ბავშვზე სიკვდილიანობის მხოლოდ 25 შემთხვევას ითვალისწინებს.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ დაუყოვნებლივი ქმედებები ვითარების გასაუმჯობესებლად 59 ქვეყანაში უნდა განხორციელდეს.