“ახლა ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები” – მამუკა მდინარაძე

33
spot_img

ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიმართვას ზურაბ ადეიშვილის გადმოცემასთან დაკავშირებით.

მდინარაძის თქმით, სამწუხაროა ის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად „დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები.“

„სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დასეირნობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც უმაღლესი სტანდარტით დადასტურებულია დანაშაულები. რომლებმაც ასევე გაასაჩივრეს სტრასბურგის სასამართლოში და იქაც წააგეს. ახლა უკვე ჯერი ჩვენს ევროპელ კოლეგებზეა, რომლებსაც საქართველოს პროკურატურა სთხოვს, რომ გადმოსცენ დამნაშავეები. ასევე, ჩვენ მეგობარ უკრაინაზე, რომლის წარმომადგენლებიც ტყუილებითა და ულტიმატუმებით ელაპარაკებიან მეგობარ საქართველოს, რომელმაც 600-ზე მეტ დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც ჰააგის სასამართლოში რუსეთის გასამართლებაზეც იყო საუბარი, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, რუსეთის აგრესიისგან ზიანის შემსუბუქების მიზნით. რამდენიმე ათეული ათასი უკრაინელი ლტოლვილია საქართველოში, რომელიც შევიფარეთ. სკოლები და ბაღები გავხსენით, სადაც უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს სწავლა და ამ ყველაფრის ფონზე მათგან ძალიან ცუდ მესიჯებს წავაწყდით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, 11 მარტს საქართველოს პროკურატურამ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით გერმანიის და ბელგიის უწყებებს მიმართა.