“მოსახლეობას უწევს ქვეყნის დატოვება საკუთარი ოჯახების სარჩენად, რადგან უმძიმესი ეკონომიკური პირობებია” – ლევან ბეჟაშვილი

24
spot_img

მოსახლეობას უწევს ქვეყნის დატოვება საკუთარი ოჯახების სარჩენად, რადგან დღეს ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური პირობები, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბეჟაშვილის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში 800 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო.

„ჩემი კოლეგების და საზოგადოების ყურადღება მინდა მივაპყრო იმ მთავარ პრობლემას, რომელიც დღეს აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და სამწუხაროა, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ყველაფერზე საუბრობს, გარდა მთავარ პრობლემებზე პასუხების გაცემისა. ეს მთავარი პრობლემა კი არის ის, რომ ქვეყანა იცლება. დღეს, საქართველოს მოსახლეობა, პრაქტიკულად, საქართველოში აღარ რჩება, მათი მთავარი ამოცანა არის მიიღონ ვიზები, ან გავიდნენ საზღვარგარეთ, იქ ეძებონ სამუშაო ადგილები და იქიდან არჩინონ საკუთარი ოჯახები. ამ 12 წლის განმავლობაში 800 ათასმა ადამიანმა დატოვა საქართველო და ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ჩვენს ზოგიერთ კოლეგას, როდესაც ამბობენ უკან რამდენი ადამიანი შემობრუნდა, რატომ არ ითვლითო, რადგან ამ 800 ათას ადამიანში ითვლებიან ის ადამიანები, რომლებმაც მინიმუმ ექვსი თვით დატოვეს ქვეყანა. 30 ათასმა ადამიანმა მიმართა 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით და ესეც მზარდი სტატისტიკაა, 2023 წლის მონაცემები ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასამმაგდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ქუთაისი, რომელიც საქართველოს რიგით მეორე ქალაქი იყო, დღეს არის რიგით მეოთხე ქალაქი რიცხოვნობით, რადგან დაცლილია ყველა ოჯახი და საზღვარგარეთ მიდიან. უამრავი სტატისტიკა და კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ შსს-ს თანამშრომლები, პოლიციელები მასობრივად ტოვებენ სამსახურს და ოჯახებით მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში, საჯარო მოხელეები, ასევე, ტოვებენ სამსახურს და მიდიან საზღვარგარეთ ოჯახებთან ერთად საცხოვრებლად, რადგან მათი შემოსავლები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ოჯახები არჩინონ, დანაზოგებზე საუბარი აღარ არის, მხოლოდ ოჯახის რჩენაზეა საუბარი და მთავარი პრობლემა რა არის ამის? ის, რომ ფასები იზრდება; დაბალი შემოსავლებია; ის, რომ ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ერთეულებისათვისაა, ხელისუფლებასთან დაახლოებული ოჯახებისთვის, კლანებისთვის და არა თითოეული მოქალაქისათვის; ის, რომ სიღარიბე იზრდება და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ სტატისტიკა შევამცირეთო – ბუნებრივია, სტატისტიკა შემცირდება, თუ მოსახლეობისგან დაიცლება ქვეყანა ან თუ 200-300 ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანს ღარიბად აღარ ჩავთვლით, ეს ხომ რეალურ ვითარებას არ ცვლის. დღეს სიღარიბე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, ამიტომ ჩვენ გვინდა ამ მთავარ კითხვაზე, პრობლემაზე ხელისუფლებისგან, პრემიერ- მინისტრისგან, „ქართული ოცნებისგან“ პასუხები, ეს პასუხები მარტო ჩვენ არ გვჭირდება, მოსახლეობას სჭირდება – რატომ იცლება ქვეყანა? რატომ არის ქვეყანაში გაუსაძლისი ეკონომიკური პირობები? რატომ არის ინფლაცია, პროდუქტებზე ფასების ზრდა, კომუნალურებზე, საწვავზე და ასევე სახელმწიფო სერვისების გაძვირება რატომ ხდება და ამ კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ გვაინტერესებს ივანიშვილის სატელიტი პარტიებისგან, რადგან მთავარი პასუხისმგებელი ამ შექმნილ ვითარებაზე არის ივანიშვილი, მისი პრემიერ- მინისტრი და მისი უმრავლესობა.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.