მივესალმებით ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის შესახებ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
ნაუსედამ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უნდა მოძებნოს ახალი გზები უკრაინის დასახმარებლად.
„მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების ძიება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩეხეთის ინიციატივას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის შესახებ. ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, შევუერთდეთ და ფინანსურად შევიტანოთ წვლილი ამ ინიციატივაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დღეს დავინახო, რომ ევროპული ინსტიტუტები მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რაც შეიძლება მალე და ეს ჩვენი სანდოობის საკითხია. უკრაინამ წარმოუდგენლად მძიმე ვითარებასა და პირობებში გაატარა საჭირო რეფორმები. ახლა ჩვენი ჯერია“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.