მმართველი გუნდის წევრებმა სოციალურ ქსელში დაბლოკვის შემდეგ, ახალი ქარდები განათავსეს

18
spot_img

მმართველი გუნდის წევრებმა სოციალურ ქსელში დაბლოკვის შემდეგ, ახალი ქარდები განათავსეს. ქარდებზე წერია, რომ გამჭვირვალობა ევროპულია, ცენზურა კი რუსულია.

„აბა, ამასაც თუ დაბლოკავენ ამ მარგინალების , მდიდარი „ენჯეოშნიკების“ და ზოგადად უსამშობლოების მიერ დაქირავებულები!!! სიმართლეს მაინც მივაწვდენთ და მივიტანთ ხალხამდე!!!“, – წერს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში.

Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. Facebook-ზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტჩექერში.

შეგახსენებთ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე დეზინფორმაციული კამპანია რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს „გამჭვირვალობის კანონი“ არის რუსული, რომლითაც საქართველო ამკვიდრებს იმავე წესებს, რაც პუტინის რუსეთში მოქმედებს. ასევე, მათი მტკიცებით კანონი მიმართულია საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინააღმდეგ, მტრად აცხადებს ევროკავშირს და აშშ-ს. რადიკალების მტკიცებით, მისი მიღება გამორიცხავს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და ქვეყანას რუსეთის პირისპირ დატოვებს.

სინამდვილეში ანალოგიური კანონები მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და ავსტრალიაში, გასული წლის განმავლობაში კი, ანალოგიური კანონების განხილვა დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, კანადაში, სლოვაკეთში და უკრაინაში, რაც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის საკითხის აქტუალობას დამატებით ადასტურებს.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღებმა ორგანიზაციებმა საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტი ეხება მხოლოდ იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი უცხოეთიდანაა. „გამჭვირვალობის კანონი“ არ შეეხება არც ერთ ფიზიკურ პირს, მეცნიერს, სტუდენტს, ემიგრანტს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ იურიდიულ პირებს.

სწორედ რადიკალების მიერ მოყვანილი ცრუ ფაქტების საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოადგინა „ქართულმა ოცნებამ“ საინფორმაციო ბანერებზე, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული არასამთავრობოების ჩარევით სოციალურ ქსელში იბლოკება.

როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, სტილი ზუსტად იგივეა – როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს ვერაფერს უხერხებდნენ სიმართლეს და ერთადერთი გადაწყვეტა იყო საინფორმაციო საშუალების ჩახშობა, ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს ახლაც. მათივე თქმით, როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს.