“მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რათა შევქმნათ პრეცედენტი, რომ აღარასოდეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო”

257
spot_img

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა 5-წლიან ეპოპეას და სასამართლო განხილვებს, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძის სოციალურ ქსელში წერს, რითაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, აუცილებლად მიმართავს სტრასბურგს, რათა პრეცედენტი დაფიქსირდეს და მომავალში ოპონენტების წინააღმდეგ აღარ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო.

„გამოცხადდა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სააპელაციო საჩივარი მამუკა ხაზარაძის, ჩემი და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც წერტილი დაუსვა 5-წლიან ეპოპეას და სასამართლო განხილვებს, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად შეაფასა, როგორც პოლიტიკური დევნის მკაფიო მაგალითი.

რა თქმა უნდა, ფულის გათეთრების თემა აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდება იყო და ემსახურებოდა ჩვენს გაშავებას. ჩვენი საქმიანი რეპუტაციის დანგრევას, ამის მეშვეობით ანაკლიის პროექტის შეჩერებას. ცხადია, რომ არანაირი საფუძვლის ნასახიც კი არ არსებობდა ამ ტიპის ბრალდებისთვის, მაგრამ როგორც რუსეთის ფედერაციაში არსებული პრაქტიკის საუკეთესო ტრადიციებში პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის აქაც, ჩვენს ქვეყანაშიც გამოყენებული იქნა ეს მუხლი.

საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, იძულებულები გახდნენ, რომ გავემართლებინეთ ფულის გათეთრების საქმეში და იმისათვის, რომ ზიანი მაინც მოეყენებინათ, ამისთვის მოიფიქრეს ხანდაზმული მუხლით გამტყუნება, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყვა, გარდა იმისა, რომ გამოყენებული იქნა, ესეც მიზანდასახულად, ჩემი სადეპუტატო მანდატის შესაწყვეტად

ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ პრეცედენტი, რომ აღარასოდეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ არ იქნეს გამოყენებული პროკურატურა და სასამართლო“, – წერს ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას”ფულის გათეთრებაზე” და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.