მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ამით, უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას.
„ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობას, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დააზღვევს.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ამით, უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.
ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს.
აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერმა.