“მიმდინარეობს მუშაობა ერთიან საინფორმაციო ბაზაზე, სადაც ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის სტატუსი სრულად აისახება”

24
spot_img

მუშაობა მიმდინარეობს ერთიანი საინფორმაციო ბაზის შეგროვებაზე, სადაც სრულად აისახება ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის სტატუსი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს.

გაბუნიას განცხადებით, სამინისტროს აქვს მონაცემთა ბაზები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებული და სისტემაში დასაქმებული ექიმების შესახებ, ასევე სახელფასო ანაზღაურების წესის შესახებ, თუმცა, მნიშვნელოვანია შეიქმნას ერთიანი ბაზა, სადაც იქნება სრული ინფორმაცია სამედიცინო პერსონალის შესახებ.

„სამედიცინო პერსონალის შესახებ სრული ინფორმაცია ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას სერტიფიცირებული ექიმების შესახებ, ასევე არის მონაცემთა ბაზა სისტემაში დასაქმებული ექიმების შესახებ. გარკვეული განსხვავება ამ ბაზებს შორის არის. ამდენად, ახლა მიდის მუშაობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შეგროვებაზე, სადაც სრულად აისახება ექიმების, ექთნების და სხვა სამედიცინო პერსონალის სტატუსი თავის უწყვეტი განათლების და სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ეს არის მიმდინარე ამოცანა. კიდევ ერთი ბაზა მოქმედებს, რომელიც ასახავს სახელფასო ანაზღაურების წესს, აქაც დასაქმებული ექიმები არიან და მინიმალური ხელფასის განხორციელების პოლიტიკისთვის ვიყენებთ ამ ბაზას, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა, მაგრამ მნიშვნელოვანია იყოს ერთიანი, რაც ჩვენთვისაც უფრო გაამარტივებს საქმიანობას”, – განაცხადა გაბუნიამ.

ის ასევე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას განათლების სამინისტროსთან კოორდინაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ამ უწყებასთან ეფექტიანი თანამშრომლობა აქვს.

„რაც შეეხება განათლების სამინისტროსთან კოორდინაციას და კომუნიკაციას, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს საკმაოდ ეფექტური თანამშრომლობა. აქ მითითებულია საექთნო საქმის შემუშავების სტრატეგია. არ ვიცი, რატომღაც დარჩა შთაბეჭდილება (ანგარიშიდან), რომ იმ სტრატეგიის მომზადების დროს განათლების სამინისტროს ჩართულობა არ იყო აქტიური – ვერ გეტყვით, მე ამაზე ისტორიული მეხსიერება არ მაქვს, დიდი ხნის წინ მომზადდა ეს სტრატეგია. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე საექთნო საქმის შესახებ ახალი კანონმდებლობა ამოქმედდება და სრულად ახლებურ ფორმატში გადავიდა ანუ ის სტრატეგია უკვე აღარც არის ვალიდური ექთნების საქმიანობასთან მიმართებით, ეს მთლიანად გადავა ახალი კანონმდებლობის რელსებზე”, – განაცხადა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, აუდიტის სამსახური ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 6 რეკომენდაციით მიმართავს. რეკომენდაციები უკავშირდება დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამას, სათანადო კომპეტენციის ექიმი-სპეციალისტების უზრუნველყოფის საკითხს, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ეფექტიანი ფორმირების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს, საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით სანდო და სრული ინფორმაციის შეგროვების მექანიზმებსა და ეფექტიან კოორდინაციას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს შორის.