მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა

22
spot_img

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრეს, რომელთა ფარგლებშიც პაციენტებისთვის მედიკამენტები, სხივური, ჰორმონო და ქიმიოთერაპიები, ასევე ქირურგიული ოპერაციები ფინანსდება. საუბარი შეეხო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები – საუბარი შეეხო ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან სამინისტროში 12 მარტს გამართული შეხვედრისას წამოჭრილ საკითხებს.

საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და ონკოლოგიური დაავადებების კიდევ უფრო ეფექტიანად მართვისთვის აუცილებელ ღონისძიებებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერებაზე, სკრინინგის პროგრამის გააქტიურებასა და ამ მიმართულებების მნიშვნელობაზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ასევე აუცილებელია, ქვეყანაში ერთიანი პროტოკოლების დანერგვა, რომლის ამოცანაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა იქნება.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საბჭოს ფორმატში ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ პაციენტთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული, სპეციალისტების, სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. აქცენტი გაკეთდა სწრაფი დიაგნოსტიკისა და პრევენციის მნიშვნელობაზეც.

ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს მიზანი ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მართვის უზრუნველყოფაა. მის შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროს, საერთაშორისო და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე – ონკოლოგები, ჰემატოლოგები და პროფესიული ასოციაციების წევრები. საბჭოს შემადგენლობა რამდენიმე დღის წინ განახლდა და მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პირველად შეიკრიბა.