,,განდიდებისთვის გაკეთებული ყოველი საქმე ფუჭია, ამაოა და სასუფეველს გვაშორებს” – მეუფე შიო

20
spot_img

„ნებისმიერი სულიერი ღვაწლი მაცხონებელი და სასარგებლოა მაშინ, როდესაც მასში ნატამალიც არ არის ქედმაღლობისა და ამპარტავნების, ხოლო ჩვენი განდიდებისთვის გაკეთებული ყოველი საქმე ფუჭია, ამაოა და სასუფეველს კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, მარხვის მიზანი არის სიმდაბლისა და თავშეკავების მოხვეჭა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს. დღეს მინდა, შეგახსენოთ უფალ იესო ქრისტეს სწავლება მარხვის შესახებ, თუ როგორ სურს მას, რომ ჩვენ ვიმარხულოთ. იგი ბრძანებს: „როცა მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, როგორც თვალთმაქცნი, ვინაიდან ისინი იმწუხრებენ სახეებს, რათა ადამიანებს მარხულებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური, ხოლო შენ როცა მარხულობ, იცხე თავსა და დაიბანე პირი, რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მარხულად, არამედ დაფარულში მყოფ შენს მამას და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულში, ცხადად მოგიზღავს“, – ბრძანებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ მარხვის დროს თავზე ზეთის ცხება არ მოგვეთხოვება, ვინაიდან ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ამიტომ მაცხოვრის ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით კი არ უნდა მივიღოთ, არამედ უნდა გავიგოთ, რისი თქმა სურს მაცხოვარს და რა უნდა მას ჩვენგან ამ გამონათქვამით, რას ითხოვს. მას სურს, რომ ჩვენ ვიმარხულოთ ღმერთისთვის და არა ისე, რომ ჩვენი თავი წარმოვაჩინოთ ადამიანთა წინაშე, როგორი მმარხველები ვართ. 

საერთოდ, მარხვა იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა ქრისტიანული ღვაწლი, უნდა წარიმართოს უხმაუროდ, დაფარულად, ისე, რომ ჩვენმა მარჯვენამ არ იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა, რადგან თუ ჩვენ თვითონ წარმოვაჩენთ ჩვენს კეთილ საქმეებს და მათზე ვილაპარაკებთ, ადამიანები შეგვაქებენ, მაგრამ ჩვენი საზღაური ამით დასრულდება, ამით შემოიფარგლება და ღმერთისგან ჯილდოს აღარ მივიღებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი სულიერი ღვაწლი მაცხონებელი და სასარგებლოა მაშინ, როდესაც მასში ნატამალიც არ არის ქედმაღლობისა და ამპარტავნების, ხოლო ჩვენი განდიდებისთვის გაკეთებული ყოველი საქმე ფუჭია, ამაოა და სასუფეველს კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს; მით უმეტეს, როგორც იცით, მარხვის მიზანი არის სიმდაბლისა და თავშეკავების მოხვეჭა. თუ ჩვენ მარხვა გვექცევა ამპარტავნების საბაბად, მაშინ ასეთი მარხვა, რა თქმა უნდა, არასწორი და საზიანოა. ამას ჯობია, ყოველდღე ხორცი ჭამოს ადამიანმა, ვიდრე ასეთი განწყობით იმარხულოს.შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთა ღვაწლიც მათდა უნებურად ცნობილი ხდება სხვებისთვის? – ძველად იყვნენ და დღესაც არიან წმინდა ადამიანები, საეკლესიო თუ საერო მოღვაწეები, ქტიტორები, დიდი ქველმოქმედნი, რომელთა სიკეთეც და ღვაწლიც შეუძლებელია, დაიმალოს და დაიფაროს. რა ქნან ამ ადამიანებმა? მათ ეხებათ ეს სიტყვები თუ არა?

ამ კითხვაზე პასუხს სცემს წმინდა ბასილი დიდი. ის ამბობს: „ეს მცნება მაცხოვრისა ეხება ისეთ ადამიანებს, ვინც შეგნებულად ცდილობს სიკეთე ისე აკეთოს, მცნებები ისე დაიცვას, რომ თავი წარმოიჩინოს ადამიანების წინაშე”. აი, მათზე არის ეს მცნება. თორემ ის, რომ ღვთის სადიდებლად გაკეთებული სიკეთე შეუძლებელია დაიფაროს ადამიანთა წინაშე, ეს თავად უფალმა იესო ქრისტემ განგვიცხადა, როცა ბრძანა, რომ ჩვენ, ქრისტიანები, უნდა ვიყოთ ნათელი სოფლისა და ჩვენი სიკეთე, კეთილი ცხოვრება ცხადი უნდა იყოს ყველასთვის: „მთაზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება და სანთელს რომ ანთებენ, ჭურჭლის ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, რათა ყველას გაუნათოს“, – ამბობს უფალი იესო ქრისტე და დასძენს: „ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა“, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“, – იქადაგა მეუფე შიომ.