მეუფე იობი რამდენიმე კვირის წინ, ჩემ სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს, – ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
სააკაშვილის თქმით, მეუფე იობი არის ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი.
„მეუფე იობი მიუხედავად, იმისა ეთანხმება თუ არა მას ვინმე, არის ჩვენი ეკლესიის ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რომელსაც მის მრავალრიცხოვან მრევლში დამსახურებული ავტორიტეტი აქვს მოხვეჭილი. არასდროს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრა 2003 წლის დასაწყისში, როდესაც მან შემდგომი ბრძოლისთვის დაგვლოცა.
რამდენადაც ვიცი ამ კონკრეტული ქადაგების დროს სუს-მა ეკლესიაში შეკრებილ ხალხს ტელეფონები ჩაუხშო.
ამ რამდენიმე კვირის წინ კი მეუფე, რომელსაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ჩემგან არაფერი მოუთხოვია, ჩემს სანუგეშოდ იყო მოსული კლინიკაში და სუს-ის წარმომადგენლებმა ურცხვად იცრუეს, რომ მე მისი ნახვა არ მსურდა და უკან გააბრუნეს.
მეუფეს ქადაგების გადასაფარად, რომელიც დავითობის დღეს ჩატარდა, საწინააღმდეგოს სათქმელად სუს-თან მჭიდრო კავშირში შემჩნეული ორი მღვდელი გამოიყვანეს, მაგრამ ეს ცალკეული ელემენტები ვერ შეარყევენ ჩემს რწმენას ჩვენს ეკლესიაში და მის ჯანმრთელ ბირთვში“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეც ისაუბრა.
„რაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის პირობებში ეკლესიამ სარგებელი მიიღო, მსგავსი არც ერთი ხელისუფლების დროს არ მიუღია. ეს არის მიწების გადმოცემა, ტაძრების აღმშენებლობა, შენობების გადმოცემა… ძალიან ბევრი რამ გააკეთა. არ მგონია ადამიანს, მითუმეტეს პრეზიდენტს სძულდეს ქვეყანა და ამავდროულად ამდენი რამ გააკეთა საქართველოსთვის. მას ჩემთვის არც საჩუქარი, არც არაფერია მოუცია. ჩემი შინაგანი მდგომარეობისთვის და საქართველოს ღიმილისთვისაც კარგი იქნება, ყველანაირად კარგი იქნება, რომ ვაკმაროთ პატიმრობაში ყოფნა მიხეილ სააკაშვილს და ალბათ, უნდა დადგეს მისი გათავისუფლების საკითხი”,- განაცხადა ქადაგებისას მეუფე იობმა.