,,მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას”- ლევან მურუსიძე

27
spot_img

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ.

„წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ეს ადამიანები ცდილობენ, რომ სასამართლო სისტემა დაიქვემდებარონ.

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. მოვუწოდებ ყველას, პოლიტიკოსები იქნებიან თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ზუსტად იმაზე რომ არის საუბარი, რომ აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი. ხომ შეიძლება ჩატარდეს „ვეტინგი“ და გავიაროთ ეს კეთილსინდისიერების ტესტი?! წინასწარ როდესაც აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე გამოთქმული მოსაზრება და მიზანმიმართულად ამბობს, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, აქედან გამომდინარე, შენ ის არ გაინტერესებს“,-განაცხადა მურუსიძემ.

მისი შეფასებით, ე.წ. ვეტინგი არ ეხება კეთილსინდისიერებას.

„კეთილსინდისიერება არის უბრალოდ შირმა, კეთილსინდისიერების მოტივით ცდილობენ, რომ სასამართლო დაიქვემდებარონ“,- განაცხადა მურუსიძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ე.წ. ვეტინგის განხორციელებას არ უკავშირდება.

„მიმაჩნია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველომ სწორი გზით უნდა იაროს, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ჩემი აზრით, ეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ვინაიდან, ალბანეთი, რომელშიც დაინგრა სასამართლო სისტემა „ვეტინგის“ საშუალებით, დღესაც არ არის ევროკავშირის წევრი. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ“,-განაცხადა მურუსიძემ.

მან რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაასახელა და აღნიშნა, რომ ე.წ. ვეტინგის ამოქმედების მიზანი რეალურად მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის.

„ვეტინგთან” დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში, საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე. „ვეტინგთან“ დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკაც გვაქვს ალბანეთში, უკრაინაში და ახლა მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება კეთილსინდისიერების მიხედვით, რასაც პრაქტიკა გვაჩვენებს. ფაქტობრივად, მოხდა სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ“,-განაცხადა მურუსიძემ.