“მე ვარ გაფართოების მომხრე და იმედი მაქვს, არსებული სირთულეების გადაჭრის” შარლ მიშელი

46
spot_img

მე ვარ გაფართოების მომხრე და იმედი მაქვს, არსებული სირთულეების გადაჭრის. დღეს გვაქვს ოპტიმისტური გზავნილი. დღეს გაცილებით ძლიერია საერთო სურვილი მომავალი გაფართოების მიმართ, ვიდრე გასულ წლებში ან გასულ თვეებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის პროექტი დაფუძნებულია გაერთიანებაზე, უკეთესი მომავლის შექმნის საერთო სურვილზე, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე და ამიტომაა ევროკავშირის მთავარი ამოცანა კონფლიქტების გადაჭრა და დაპირისპირებების აღმოფხვრა.

„ჩვენ სამიტზე დავადასტურეთ ევროკავშირის ძალისხმევა, რათა დასავლეთ ბალკანეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან. გვაქვს საგზაო რუკა რეფორმების განსახორციელებლად, რათა უკეთ მომზადებული ვიყოთ გაფართოებისთვის, რაც აუცილებლად უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციფიკური სიტუაცია, რაც დღეს არის ევროპაში.

გაფართოებაზე 27 ქვეყნის ლიდერთან ერთად ვიმსჯელებთ, ამიტომ მანამდე ჩემს პოზიციაზე ვისაუბრებ – მე ვარ გაფართოების მომხრე და იმედი მაქვს, არსებული სირთულეების გადაჭრის. დღეს გვაქვს ოპტიმისტური გზავნილი. დღეს გაცილებით ძლიერია საერთო სურვილი მომავალი გაფართოების მიმართ, ვიდრე გასულ წლებში ან გასულ თვეებში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მყისიერად და ავტომატურად ყველა შემაფერხებელი ფაქტორისა ან პრობლემის გადაჭრას. არის სურვილი წავიდეთ სწრაფად წინ და გადავჭრათ, დავძლიოთ ყველა რთული საკითხი.

რაც შეეხება ქვეყნების თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, წევრ ქვეყნებშიც კი მიმდინარეობს ეს პროცესი და ვმუშაობთ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ჩვენ გვინდა ინსპირაცია იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა იმ ქვეყნების ქმედებებში, ვისაც სურს ორგანიზაციაში გაწევრიანება და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის მაღალი დონე აქვს, ნაწილს შემდგომი ძალისხმევა სჭირდება პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და გაფართოების პაკეტზე იმსჯელებს, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ.