“არავითარი სივრცე აღარ არსებობს, რომ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე”

27
spot_img

არავითარი სივრცე აღარ არსებობს, რომ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე – თუ ასე მოხდება, გაუგებარი იქნება, რას ეფუძნება ევროკავშირის ღირებულებები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, მათი მოლოდინია, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს.

„საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა “ქართულ ოცნებას” იმ რთულ გზაზე, რასაც გავდიოდით ამ ბოლო პერიოდში და სწორედ ჩვენი ხალხის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ღირსებაზე დაფუძნებით დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ამ სტატუსის ოფიციალურად გამოცხადებას, რაც დაიმსახურა ჩვენმა ქვეყანამ.

მაშინ, როცა ყველამ ვნახეთ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც შეაფასა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული და სწორედ ამ გატარებული ღონისძიებების შედეგად გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არავითარი სივრცე აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე აქტმა თუ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ამ დადებით რეკომენდაციაზე. გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი პოლიტიკა შეფასებულია, შეფასებულია დადებითად, საქმე გაკეთებულია და ამ გაკეთებული საქმის საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ევროკომისიის დადებით შეფასებასთან წინააღმდეგობაში მოვა, მაშინ გაუგებარი იქნება ეს ყველაფერი, თუ რას ეფუძნება ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები, თუ ევროკომისიის დასკვნა არაფრად არ ღირს. ჩვენ ეს მოლოდინი არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება მიღებული,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი იხსნება, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ.