პატივცემულო სამხედროებო, მინდა ყველა თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებისთვის და ჩვენი სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს.
„ჩვენი ვალია მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის
„დღეს ძალიან რთული დროა მთელს მსოფლიოში, რუსეთის აგრესია უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება – ისედაც რთულად პროგნოზირებად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მე მჯერა, რომ ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ყველას ვინც ეხმარება ქართული ჯარის გაძლიერებას.
30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა.