,,გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას”- პრეზიდენტი თავდაცვის ძალებს

90
spot_img

ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს და ყოველდღიურად, თუ ყოველწუთიერად. თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს, როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა ეს დღე არაა და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ცერემონიალური, თუ ათეტიკით აღსავსე სიტყვების წარმოთქმის დღე.

ეს დღე, ქვეყნისთვის, რომელსაც საქართველოსნაირი ისტორია უდგას სათავეში, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულიად ვიაზრებთ და ვაფასებთ საუკუნეების მანძილზე, თავდაცვის ძალების უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებაში, შენარჩუნებაში და დღეს უკვე მის გამყარებაში.

ეს ის დღეა, როცა ვიაზრებთ, თუ რა არის თავდაცვის ძალების დანიშნულება ქვეყანაში, მათი შეუფასებელი სამსახური ქვეყნის წინაშე და არა მხოლოდ ომის დროს, არამედ სწორედ მშვიდობის ჟამს და ყოველდღიურად, თუ ყოველწუთიერად. თქვენ ქვეყნის სადარაჯოზე დგახართ!

პირველ რიგში თავდაცვა, კლასიკურად, ნიშნავს, ჩვენი საზღვრების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენობის დაცვას. ეს არაა მარტივი მოვალეობა: ჩვენ ვიცით, და გვახსოვს 1921, 1992-93 და 2008 წლების რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი ჯარისკაცების თავდადებული ბრძოლა. არ ვივიწყებთ, და არ დავივიწყებთ რამდენი მათგანი შეეწირა ამ უმაღლეს და უმნიშვნელოვანეს მიზანს – საქართველოს დამოუკიდებლობას!

დღეს მათთვის პატივის მიგების დღეა, მათი ოჯახების მიმართ მადლობის გამოცხადების დღეა. ასევე განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჩვენს ვეტერანებს.

მე როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას.

თავდაცვის ძალების როლი, მხოლოდ წარსულზე არ გვაფიქრებს, არამედ მომავალზე. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც საფრთხეები ძალიან გახშირდა. ძველ ფორმებთან ერთად გაჩნდა მთელი რიგი ახალი საფრთხეები. ამდენად, თავდაცვის ძალების როლი კიდევ უფრო იზრდება და მოითხოვს კიდევ მეტ პროფესიონალიზმს, მეტ მოქნილობას და მეტ ცოდნას.

დღესაც, ოცდამეერთე საუკუნეში, აგრესიული იმპერიალიზმი, რაც არ უნდა ანაქრონიულად ჟღერდეს – ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რამეთუ აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი. თუმცა სისასტიკის და ძალთა შეფარდების მიუხედავად ვხედავთ, რომ უცხო შემოჭრილი ძალა, ქვეყნის დაცვისთვის და გადარჩენისთვის თავდადებულ ძალას ვერ ჯობნის და ვერ ამარცხებს. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენს ისტორიაში, საქართველოს მიერ მრავალჯერ იქნა ნაჩვენები. ამდენად, უფრო მეტად გვესმის და ვგულშემატკივრობთ უკრაინას და მის ღირსეულ სამხედრო და სამოქალაქო მებრძოლებს. მათი გამარჯვება განაპირობებს ხვალინდელი მსოფლიოს ბედს, მათი და ყველა ჩვენგანის თავისუფლებას.

ამ დაუნდობელმა აგრესიამ რუსეთის იმპერიალიზმის ხასიათი ყველასთვის გამოაშკარავა. მსოფლიოში და მით უმეტეს ევროპულ კონტინენტზე გამოიწვია საფრთხის ახალი აღქმა, რასაც უკრაინის მიმართ არნახული დახმარების გაწევა, სამხედრო ბიუჯეტების ზრდა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის მნიშვნელობის განმტკიცება მოჰყვა – შვედეთისა და ფინეთის გაცხადებული კანდიდატურები სწორედ ამას ამტკიცებს.

ჩვენთვისაც, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.

რუსეთი უნდა დარწმუნდეს, რომ მისი აგრესიული ქმედებები და მუქარით აღსავსე ტონი არანაირ გავლენას არ ახდენს ჩვენს მუდმივ და კონსტიტუციაში ასახულ გადაწყვეტილებაზე და ორიენტაციაზე.

და ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ დღეს სწორედ მტკიცე გადაწყვეტილების მიღების დროა და არა ყოყმანის. რუსეთის მიმართ გზავნილი უნდა იყოს მკაფიო და ერთგვაროვანი.

ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ წლების მანძილზე პარტნიორების მიერ გაწეულ უდიდეს დახმარებას, მათი ძალისხმევით, სწავლებებით და თანამედროვე აღჭურვილობით, ამაღლდა ჩვენი ძალების პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობა. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენმა აქტიურმა მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა ჯარის მოდერნიზაციის და განვითარების გზაზე. სწორედ იქ შევძელით, რომ მაგალითი მიგვეცა საქართველოს ჯარის მზადყოფნის, საერთაშორისო გამოწვევებთან გამკლავების და ამით საქართველო დამკვიდრდა, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი. თქვენ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ურთულეს პირობებში ღირსეული ადგილის დაკავება შეგიძლიათ.

ქართველებს კარგად გვესმის, რომ პარტნიორობა ორმხრივი გზაა და თქვენ ესეც დაამტკიცეთ.

თავდაცვის ძალებს, დღევანდელი გლობალური საფრთხეების წინაშე, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად უფრო და უფრო განსხვავებული მისიები და ვალდებულებები ეკისრებათ: ამის არც თუ ისე შორი მაგალითი კოვიდ პანდემიაა, სადაც კარგად გამოჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების დიდი წვლილი, მზადყოფნა და პროფესიონალიზმი. კლიმატური ცვლილებები და მისგან გამოწვეული საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის მოითხოვს ახალ აღჭურვილობას და მზადყოფნას, საზოგადოების ყველა საჭიროებისა და უსაფრთხოების დასაცავად. კიბერუსაფრთხოება ახალი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც ასევე უნდა გავუმკლავდეთ.

მჯერა და ვიცი, რომ თქვენ ამას შეძლებთ, იქნებით ყველგან და ყოველთვის იქ სადაც დაგიძახებთ თქვენი მოვალეობა და ამ ქვეყნის სამსახური.

ამისთვის მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩვენი საზოგადოების მადლიერება.

გილოცავთ ფიცის დადებას! ამ ფიცის ერთგულნი იყავით მუდამ, ამ ფიცის და თქვენი სამშობლოს ღირსნი იყავით მუდამ, ამაყად ატარეთ ჩვენი ქვეყნის დროშა!

თქვენ საქართველოს ჯარისკაცებო გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს!

თქვენ ემსახურებით საქართველოს და ამაზე დიდი, საპატიო და საამაყო სამსახური არ არსებობს.

გილოცავთ და ვულოცავ ამ დღეს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.