,,მე არც რუსეთის კოლონია მინდა ვიყო და არც ამერიკის”- დავით ოქიტაშვილი

21
spot_img

თხოვნა მაქვს ასეთი – ჩვენს ქვეყანაში ჩვენ თვითონ მივიღებთ იმ კანონს, იმ გადაწყვეტილებას, რაც ჩვენ გვინდა. მე არც რუსეთის კოლონია მინდა ვიყო და არც ამერიკის. მე მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებას ხალხი იღებდეს, – ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე საუბრისას, „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს იგი გაეცნო და იგი მისთვის მისაღებია.

„ერთადერთი, იქ რაზეც გამახვილებულია ყურადღება, არის ის, რომ თუ ხარ „ენჯეო“, წელიწადში ერთხელ დაწერო, რაში იხარჯება თანხა. როგორ შემიძლია ვისაუბრო კანონზე, თუ წაკითხული არ მაქვს – როგორც სხვები იძახიან, რომ „არ წამიკითხია, მაგრამ ტანით ვგრძნობ“ და იმით ვგრძნობ, რომ ეს კანონი რუსულია!

შენ თუ თანხებს კეთილსინდისიერად ხარჯავ, თუ შემოსავალი კეთილსინდისიერად გაქვს, რატომ უჩენ მთავრობას და ყველას ეჭვს? რატომ ეძახი ამ კანონპროექტს რუსულს?! მათ სურთ იმოქმედონ ჩვენს საამაყო ახალგაზრდებზე, სურთ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყოს არეულობა. მათ არეულობა სურთ!“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.

მისივე თქმით, 15 აპრილს არის აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და იგი აპირებს მასში მონაწილეობა მიიღოს. მან მოუწოდა თავის ოპოზიციონერ კოლეგებს, მათაც მიიღონ მონაწილეობა განხილვაში.

„დავსხდეთ, დავუსვათ ის შეკითხვები, რაც თქვენ გაწუხებთ. ვუთხრათ, რომ არ არის ეს ამ ქვეყანაში მისაღები, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს რუსული კანონია, მაგრამ მათ არ სურთ საუბარი! მათ აქვთ დირექტივა მიღებული, რომ უნდა იყვირონ – რუსული, რუსული!

სულ გვეჩხუბებიან, რა წაგვიღეთ ტვინი ამ წინა ხელისუფლებით და ასე შემდეგ. მე მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს თქვენს კოლეგებს სცენაზე აპატიმრებდნენ, ხოცავდნენ და მე არ მახსოვს ზოგ-ზოგიერთები ასეთი აღშფოთებული და აღელვებული რომ ყოფილიყავით. დღეს კიდევ ხმამაღლა ვსაუბრობთ.

რასაკვირველია, თქვენ გაქვთ განსხვავებული აზრის დაფიქსირების უფლება. გთხოვთ, რომ ეს კანონი წაიკითხოთ. მეც მინდა, რომ ამიხსნათ, ოქიტაშვილო, არ ხარ მართალი“, – მიმართა ოქიტაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს.

მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„საქართველოში 99%, ყველა ვაღიარებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ რუსეთისკენ გვინდოდეს! მე მინდა ევროპისკენ. ჩვენ, ყველას ევროპისკენ გვინდა და თქვენ, როგორ გგონიათ, დღევანდელი ახალგაზრდა თაობა ჩვენ ამას გვაპატიებს, მთავრობას აპატიებს?! ამ ახალგაზრდებს, რაც მეტად სტკივათ საკუთარი სამშობლო, სწორედ იმაზე უმახვილებენ, შეცდომაში შეჰყავთ, რომ გამოვიდნენ, გააპროტესტონ“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.