2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით, საქართველოში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის მიერ, საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა ჩატარდა.
კვლევის შედეგად, გარკვეული პოლიტიკურ-სოციალური ფონი გამოიკვეთა, რასაც, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.
კვლევის შედეგად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, ხოლო სხვა პარტიებს, – ჯამურად 6%.
ამავე კვლევით, გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს – კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 61 % იმავეს ამბობს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.
ასევე, NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს.
ამავე კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა თანაბარი ოდენობა 43-43% აფასებს კარგად და ცუდად, 11%-ს კი პასუხი არ აქვს.
რაც შეეხება სოციალურ ნაწილს, – NDI -ის კვლევის თანახმად, საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს და არსებული ცხოვრების პირობებით უკმაყოფილოა.
როგორი პოლიტიკურ-სოციალური გარემო აჩვენა აღნიშნულმა გამოკითხვამ და რამდენად ახლოსაა ის სულ ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI Georgia-ს მიერ ჩატარებულ კვლევებთან? – ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ პოლიტიკის ექსპერტ, – რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
საყვარელიძე არცერთ სოციოლოგიურ გამოკითხვას ნდობას არ უცხადებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები არასანდოა.
„მე არც IRI-ის ვენდობი და არც NDI-ის. იმ შეცდომების ფონზე, რომელიც ამ ორგანიზაციებმა წინა კვლევებში დაუშვეს, მიმაჩნია, რომ მათი ნდობა არასერიოზულია.
ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, როგორც ფსიქოლოგი, არ ვთვლი, რომ სოციოლოგიური კვლევები სანდოა. უამრავი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო იმისათვის, რომ სოციოლოგიამ ზუსტი შედეგი მოგვცეს, რასაც, როგორც წესი, იშვიათად ითვალისწინებენ.
ზოგადად, სოციოლოგიური კვლევისას, ერთ-ერთი ფაქტორია ის, თუ როგორი ტენდენციაა მოცემული მომენტისთვის ხალხში. თუ ეს ტენდენცია არ იქნა გათვალისწინებული, მაშინ მიღებული შედეგი, ორი დღის შემდეგ უკვე არასწორი იქნება. ეს ამინდივითაა და მუდმივად იცვლება.
თავად ის ფაქტიც, რომ წლებია, მხოლოდ ეს ორი ორგანიზაცია ატარებს ჩვენს ქვეყანაში კვლევებს, უკვე ეჭვს იწვევს, – რატომ მუდმივად ესენი? რა ინტერესი აქვთ მათ?“ – აცხადებს საყვარელიძე.
ერთადერთი, რაზეც ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს, ის განსხვავებაა, რაც პარტიების რეიტინგების ნაწილში შედეგებმა აჩვენა.
„ნიშანდობლივია ის განსხვავებები, რომ რეიტინგებში, პროცენტულად, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, IRI-ის კვლევებისგან განსხვავებით, ისე ახლოს მდგომი აღარ არის. ვგულისხმობ ამ ორი პარტიის რეიტინგებს (20% და 5 %). ეს მიუთითებს, რომ წინა კვლევისგან განსხვავებით, აღნიშნული კვლევა სხვა განწყობილებით არის ჩატარებული და შედარებით სანდოა.
სოციალური ფონის კვლევის ნაწილში კი ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს მიერ შექმნილი ემოციური ფონის გამოა ის, რომ ყოველი მეექვსე ადამიანი ქვეყნიდან გაქცევას ფიქრობს, ან ცხოვრებით უკმაყოფილოა. ეს ტენდენცია, ვფიქრობ, მაგ ხარისხით, ადამიანებში მუდმივად იქნება“, – აცხადებს საყვარელიძე.
„უცნაური, მაგრამ ისეთი კვლევის შედეგია, რომელიც რეალობასთან ახლოს ერთი პარამეტრით თითქოს არის, მაგრამ მეორით 40%-ით არის აცდენილი ყველაფერს, ამიტომ ამ კვლევის შედეგებზე სერიოზულად საუბარი, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად ვიმსჯელებთ, გაგვიჭირდება“, – ასე შეაფასა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგები.
„NDI-ი თან ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ბევრად მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად, არ ვიცი ეს მონაცემები გაეპარათ თუ რა მოხდა, რადგან თუ სხვას ყველას ერთად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აქვს 11% და „ნაციონალურ მოძრაობას 20%, დაახლოებით 2-ჯერ მეტი აქვს „ქართულ ოცნებას“ ყველა დანარჩენზე. ეს შეიძლება სიმართლესთან ახლოს იყოს, მაგრამ ამავდროულად, თუ ისინი საზოგადოებას არწმუნებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 20% აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების 40%-იანი რეკორდი“, – განაცხადა მდინარაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „NDI-ის კვლევა საქართველოს მოსახლეობის ცუდ მდგომარეობაზე მეტყველებს.
“ის, რომ ადამიანები ქვეყნიდან მასიურად გარბიან, მეტყველებს უპერსპექტივობაზე დღევანდელ მოცემულობაში. საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილების მიზნით ადამიანებს უწევთ ქვეყნიდან წასვლა, რაც პრინციპში დააანონსა ბიძინა ივანიშვილმა, როცა თქვა, რომ თუ არ მოგწონთ აქ, წადით, სხვაგან ეწიეთ ბედსო. მისი „ქართული ოცნება“ სინამდვილეში არის ქართველებისგან დაცლილი საქართველო, სადაც მხოლოდ მისი მარიონეტები და კორუმპირებული კლანია,” – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისათვის, NDI -ის კვლევა მოიცავდა 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.
/თამუნა დუღაშვილი/