“პოლონელი გენერალი გვაფრთხილებს, რომ უკრაინისათვის სამხედრო სიტუაცია კარგი არ არის – რუსეთს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ომის გასაგრძელებლად“

145
spot_img

აშშ-ის სამხედრო გამოცემაში – Military Watch Magazine-ში – რუბრიკით „სარედაქციო“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოლონელი გენერალი გვაფრთხილებს, რომ უკრაინისათვის სამხედრო სიტუაცია კარგი არ არის – რუსეთს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ომის გასაგრძელებლად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე უწყვეტი ბრძოლებისა და ქვეყნის არმიის მიერ განცდილი დანაკარგების ფონზე პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა რაიმუნდ ანჯეიჩაკმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ კიევის პოზიციები სწრაფად უარესდება.

„შეიარაღებული კონფლიქტები ყოველთვის იყვნენ და რჩებიან პოლიტიკურ საკითხად – ამას დამტკიცება არ ჭირდება. გარდა ამისა, ომის მსვლელობას ყოველთვის განსაზღვრავს რიგი ეკონომიკური ფაქტორები: დაპირისპირებულ მხარეთა ფინანსურ-სოციალური მდგომარეობა, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, კვების პროდუქტების წარმოება და სხვა პრობლემების მთელი კომპლექსი. მე უკრაინის კონფლიქტს პირველ რიგში პოლიტიკურ პრიზმაში ვუცქერი და ამ მხრივ სიტუაცია მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება“, – ამბობს გენერალი.

რაიმუნდ ანჯეიჩაკის თქმით, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი უახლოეს ხანში საომარ მოქმედებებს შეწყვეტს – დასავლეთის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა და ემბარგომ მოსკოვი უკანდახევაზე ვერ აიძულა. „ის ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც კრემლს ომის დაწყებამდე ჰქონდა – ვგულისხმობ დაგროვილ ფულად რეზერვებს და სხვა შემოსავლებს – გვაფიქრებინებს, რომ რუსეთს თანხა ომის გასაგრძელებლად ნამდვილად ჰყოფნის“.

და ეს მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა რუსეთის ცენტრალურ ბანკს 600 მილიარდი დოლარის აქტივები გაუყინა. რაც შეეხება უკრაინას, მას ბევრად უფრო უარესი მდგომარეობა – უდიდესი ფინანსური პრობლემები აქვს: „ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენი ფული ჭირდება უკრაინას ყოველთვიურად. ვიცით ამერიკისა და ევროპის ქვეყნების დახმარების მოცულობა. რასაკვირველია, ასევე ვიცით ჩვენი ქვეყნის – პოლონეთის – მიერ გაწეული დახმარების რაოდენობაც – ჩვენ ვართ უკრაინის მეორე დონორი აშშ-ის შემდეგ. პოლონელები უკრაინელების გმირული ბრძოლის შთამაგონებლები და სულისჩამდგმელები არიან, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ: უკრაინის ფინანსური გამოფიტვის ტემპები სწრაფია და შესაბამისად, პერსპექტივა ძალზე ნეგატიური და არახელსაყრელია“.

როგორც პოლონეთის გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი დანგრეულ სამშობლოში დაბრუნდება და მზადყოფნას გამოავლენს ქვეყნის აღსადგენად. ომი გრძელდება, გაურკვეველია მისი დასრულების ვადა, შესაბამისად, ნგრევა და ზიანის მიყენება გაგრძელდება. ბევრ დასავლელ ლიდერს ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაუცნობიერებია ის რეალობა, რომ უკრაინა გამარჯვებისაგან ძალიან შორს არის.
„დასავლეთს უკრაინისათვის მისაწოდებელი იარაღი – საბრძოლო მასალები არ ყოფნის. ევროპის მრეწველობა მზად არ არის დიდი რაოდენობით იარაღის აწარმოოს. ნატოს ქვეყნებს იმის შესაძლებლობაც აღარ აქვთ, რომ საკუთარი არმიის რეზერვები შეავსოს, რომელიც სწრაფად მცირდება. „დასავლეთი იმას ვერ აცნობიერებს, რასაც ჩვენ აქ, ვისლადან ვხედავთ. ჩვენ სიმართლე შეულამაზებლად უნდა ვთქვათ ყველგან, ყველა ფორუმზე, სადაც კი ეს შესაძლებელია. მე პირადად ასე ვაკეთებ“.

უკრაინის ომის მძიმე რეალობა დასავლეთში სხვადასხვანაირად შუქდება. ძალიან ხშირად შეინიშნება კონტრასტი შელამაზებულ ინფორმაციასა და რეალურ სიტუაციას შორის. ცოტაა ობიექტური რეპორტაჟები წინა ხაზიდან, სიმართლის თქმა პრობლემატურია. ამ მხრივ გამონაკლისია გერმანული „დოიჩე ველეს“ რეპორტაჟი ბახმუტიდან, რომელშიც სიტუაცია რეალურად არის გადმოცემული: ბახმუტის ხორცსაკეპი უამრავი უკრაინელის სიცოცხლეს იწირავს. „ბახმუტში ჯარისკაცის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ოთხ საათს შეადგენს“, – ამბობს ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ტროი ოფენბეკერი, რომელიც აღნიშნავს, რომ სიტყვა „ხორცსაკეპი“ დასავლურ მასმედიაში მხოლოდ რუსი ჯარისკაცების მიმართ გამოიყენება.

უკრაინის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ბრძოლებში უამრავი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იღუპება, თუმცა სტატისტიკური მონაცემები დაღუპულთა და დაჭრილ-დასახიჩრებულთა შესახებ გასაიდუმლოებულია და მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

უკრაინის სამხედრო არსენალების საერთო გამოფიტვის ფონზე განსაკუთრებით სერიოზული პრობლემად ითვლება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სახმელეთო სისტემები, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საკვანძო როლს ასრულებენ რუსეთის რაკეტებისა და ავიაციის შეკავებაში.

წყარო