“მე არ ვამბობ, რომ ასეთი შემთხვევა არ მომხდარა” – გომელაური პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების ქუჩაში „უხეშად გაჩერებაზე“

16
spot_img

თუ იყო ერთეული შემთხვევები, მე არ ვამბობ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, ადამიანები ვართ და შეიძლება მოხდა, თუმცა გამოსწორებადია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ხატია დეკანოიძის შეკითხვას, რომელიც პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების ქუჩაში „უხეშად გაჩერებას“ ეხებოდა.

გომელაურის განმარტებით, არსებობს უწყებები, რომელსაც შეუძლია, რომ მოქალაქემ მიმართოს და თუ პოლიციელი არასწორად მოიქცევა, შესაბამის ზომებს მიიღებენ.

„ხატია, დიდი პატივისცემის მიუხედავად, 2012 წლამდე რა და როგორც ხდებოდა ძალიან კარგად ხომ იცით? იმასთან შედარებით დღეს შეიძლება არის ერთეული გადაცდომები. მე არ ვიძახი, რომ არცერთი გადაცდომა არ გვაქვს. [გაჩერების] ფორმა ელემენტარული თემაა. შეიძლება ოპერატიულად მუშაობენ და შემთხვევით იყო ეს. მოქალაქე ვერ იგებს მას უთვალთვალებდნენ, აკავებდნენ თუ უბრალოდ გააჩერეს. შეიძლება უბრალოდაც გააჩერეს და ყოფილა შემთხვევა, რომ გაუჩერებიათ, არ დამორჩილებია და ეს ადამიანი დაუკავებიათ. ეს ჩვეულებრივი პრევენციაა. გადამოწმების დროს ძალიან ხშირი შემთხვევაა იარაღის უკანონო ტარება, ცივი იარაღის, ნარკოტიკების ამოღება და ა.შ.

თუ უხეშობა პოლიციის მხრიდან მოდის, ეს ძალიან ცუდია და უნდა გამოვასწოროთ. თუ იყო ერთეული შემთხვევები, მე არ ვამბობ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, ადამიანები ვართ და შეიძლება მოხდა, თუმცა გამოსწორებადია. აქედან გამომდინარე, კიდევ არის უწყებები და მიმართოს თუ არასწორად მოექცა პოლიციელი და შესაბამის ზომებს მიიღებს“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.