“მაჭუტაძემ დაუთმო მელიას საარჩევნო ნომერი? სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადავიტანთ ამას” – მამუკა მდინარაძე

16
spot_img

ინფორმაცია, რომ ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ხუმრობის ხასიათზე დააყენა.

„მაჭუტაძემ [მელიას] დაუთმო [საარჩევნო ნომერი]? მოდი მოვუსმინოთ ამ ხალხს [მელიას და მაჭუტაძეს], რაზე შეთანხმდნენ, რა გარიგება იყო. ეს დიდი ამბავი, ეს სენსაცია და პოზიტიური ამბავი როგორ უცებ მოგვახსენეს. როგორ შეთანხმდნენ, ამ ყველაფრის დეტალები გავიგოთ და შემდეგ ვიზეიმოთ სჯობს. სერიოზული ამბავია და ასე მარტივად ვერ გადავიტანთ ამას. აღნიშვნის საგანია ალბათ“, – აღნიშნა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე საარჩევნო ნომერი დააანონსა. როგორც მელია სოციალურ ქსელში წერს, მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით წარდგება. საარჩევნო ნომერი 4 მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკუთვნის, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა.