,,მას არ ესმის რომ აფხაზეთში უამრავი უკმაყოფილო ადამიანია”- ბარციცი ბჟანიაზე

115
spot_img

აფხაზმა პოლიტიკოსმა, ეროვნული ერთიანობის ფორუმის ლიდერმა ასლან ბარციცმა, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებების შეფასებისას აღნიშნა, რომ ბჟანიას არ ესმის, რომ აფხაზეთში უამრავი უკმაყოფილო ადამიანია.

მისი თქმით, ბჟანიას საზოგადოებისთვის ახალი არაფერი უთქვამს, არც შედეგები შეაჯამა და არც გეგმები განუცხადა. მისი ყურადღება, ჩვეულებისამებრ, უცხოელ ინვესტორებზე და რუსეთის დახმარების მოლოდინზე იყო მიმართული. ამის შესახებ მან Ekho Kavkaza-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„როცა სახელმწიფოს მეთაური ამბობს: „მოდით, ციფრებს შევხედოთ!“, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის არასწორ ციფრებს უყურებს და რომ მისი ცხოვრება რაღაც პარალელურ სამყაროში მიმდინარეობს…

„სახელმწიფოს მეთაურს“ არ ესმის, რომ „ქვეყანაში“[აფხაზეთში] არის უამრავი უკმაყოფილო ადამიანი. უამრავი ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად უზარმაზარ პრობლემებს აწყდება. ეს არის ფასების მატება, ტარიფების ზრდა და ყველაფერი, რაც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მაგრამ ხელფასები არ იზრდება. დიახ, ვიღაცას შეიძლება სახელმწიფოსგან დახმარება მიეღო, მაგრამ პრობლემა ისევ ის არის, რომ პრეზიდენტი ამბობს: „სახელმწიფოს არ აქვს ასეთი ფული, რომ ასე და ამით გააკეთოს“, მაშინ როცა ამბობს: „ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის ფედერაციას, მოგვეცით ფული ხიდების, გზების, განათების და ა.შ. გაკეთებისთვის.“ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზედაც მკაფიო პასუხი არ გაცემულა“ – თქვა ბარციცმა მედიასთან ინტერვიუში.