მადლობა ღმერთს, რომ საარჩევნო პროცესს საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება -გიორგი კალანდარიშვილი

29
spot_img

მადლობა ღმერთს, რომ საარჩევნო პროცესს საერთაშორისო საზოგადოება დააკვირდება – ისეთი სოლიდური და ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიცაა ეუთო-ოდირი, სხვა ევროპული და ამერიკული ორგანიზაციები, – ეს განცხადება პარლამენტში მიმდინარე საკონკურსო კომისიის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი კალანდარიშვილმა გააკეთა.

კალანდარიშვილის თქმით, “დისკრედიტაციითა და დეზინფორმაციით იმ კარგი საქმეების გადაფარვა ხდება, რასაც ინსტიტუცია აკეთებს და რაც არჩევნებს, წინასაარჩევნო გარემოსა და ქვეყანას აზიანებს“.

“რაც არ უნდა კარგი ვაკეთოთ, რაც არ უნდა გამჭვირვალეები ვიყოთ და რაც არ უნდა კარდაკარ ვიაროთ, ამ ყველაფერს დიდი დეზინფორმაცია და დისკრედიტაცია უპირისპირდება“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.

პარლამენტში პირველად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელმაც ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და ასარჩევად პარლამენტს წარუდგინოს.

კონკურსი ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადდა – ეს არის ცესკოს თავმჯდომარის ვაკანსია, რომელზეც განაცხადი მხოლოდ გიორგი კალანდარიშვილმა წარადგინა. ასევე, ასარჩევია ცესკოს სამი ე.წ. პროფესიული წევრი – აღნიშნულ ვაკანსიაზე პარლამენტში განაცხადი ოთხმა პირმა: ლუხუმ ბურჯალიანმა, მაია ზარიძემ, გიორგი შარაბიძემ და გია ცაცაშვილმა წარადგინეს.