ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

97
spot_img

პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილი წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ინიციატივას შეუერთდნენ.

საქმე ეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტებისთვის გამოიყენა.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული არის სისხლის სამართლის დანაშაული და საქმე გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაზეც შესაბამის ორგანოებს გამოძიება უკვე დაწყებული უნდა ჰქონდეთ.

„გუშინ ყველამ ნოდარ მელაძის საგამოძიებო, საავტორო გადაცემაში ვიხილეთ დადასტურებული ფაქტი იმ აღვირახსნილი ქმედებისა, რასაც ჰქვია საქართველოს მთავრობის, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირდაპირ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების საკუთარი სურვილისა და ინტერესებისამებრ გამოყენება. ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე ჩვენ გვაქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. გუშინ, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გადიოდა, რომელიც სავსეა პირდაპირი მტკიცებულებებით და აღიარებითი ჩვენებებით პირველ წყაროდან, რომელმაც მაგალითად ფრენა განახორციელა და ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო გამოძიება, წესით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება, ასევე, ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ უკვე გავრცელებულიც უნდა იყოს და შესაბამისი პროცედურები უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ პროკურატურა მსგავს შემთხვევაში, არა თუ გამოძიებას არ იწყებს, არამედ არანაირ წინასაგამოძიებო ქმედებებს არ ახორციელებს და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ კანონს არღვევს და არანაირ საგამოძიებო მოქმედებებს არ აწარმოებს. ამის მაგალითია შოვის ტრაგედია.

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარტია „ლელომ“ გადაწყვეტილება მიიღო დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილი სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც პირდაპირ წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები და ეს დანაშაულის ნიშნები სახეზეა. ყველამ კარგად ვიხილეთ, თუ რა ხდება, რა აღვირახსნილი სიტუაციაა და რა უკანონობა ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს საქართველოს პარლამენტში, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრებს, ოპოზიციური პარტიის წევრებს შემოგვიერთდნენ. ყველას ვისთვისაც სულერთი არ არის, რომ ამ ქვეყანაში კანონი არ არსებობს, ყველასთვის, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყანაში კორუფცია იქნება თუ არა, მოვუწოდებ მათ, რომ იმპიჩმენტის პროცედურებს შემოუერთდეს“, – განაცხადა სამუშიამ.