კურორტ შოვის ტერიტორიაზე, სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა.
არსებული ინფორმაციით, მეწყერში ადამიანები არიან მოყოლილი.
ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც ადგილზე მყოფება, ფორმულას უყვება, რომ ზონაში, სადაც მიწა დაიძრა, მოყოლილი არიან ბავშვებიც. მათი თქმით, ელოდებიან ვერტმფრენსაც, რომლითაც ევაკუაცია მოხდება. სავარაუდოდ, მეწყრული პროცესები რამდენიმე ადგილზეა განვითარებული, მისი ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია.
რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილისკენ მიემართებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
ადგილზე შს სამინისტროს ქვედანაყოფები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
“საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო სანსეტ შოვში მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.
გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – აცხადებენ უწყებაში.