“კომპანია ზარალიანია და ამ ეტაპზე ხელფასის მომატება ალოგიკურია” – “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორი

165
spot_img

ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში, 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური, – ამის შესახებ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულების მხრიდან მოთხოვნა, ანაზღაურების 20%-ით გაზრდას შეადგენს.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია მზაობას გამოთქვამს, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.

„ცალსახად იყო მოთხოვნილი ხელფასების 20%-იანი მატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ წლებია კომპანია ზარალიანია. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყოს. ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველაზე მარტივ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ, ღია ვართ, დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით იქნა შემოთავაზებული, რომელშიც ჩართული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებლები. მზად ვართ, ერთობლივად შევისწავლოთ, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან,“ – განაცხადა თუთბერიძემ.