“კოლექტიური „ნაცებისთვის“ სასიკეთო არ არის, ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერი” – კახა კალაძე

20
spot_img

„კოლექტიური „ნაცებისთვის“ არანაირად სასიკეთო არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება, არც ის, რომ ირაკლი კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შესაბამის კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„იმას, თუ რას ამბობენ ოპონენტები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. გულწრფელად ვიტყვი – მათთვის სასიკეთო არაფერი. მათთვის სასიკეთო არაფერია თუნდაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. ასევე, კოლექტიური „ნაცებისთვის“ არანაირად სასიკეთო არ არის, ირაკლი ღარიბაშვილი რომ პარტიის თავმჯდომარე ხდება,  არც ის, რომ ირაკლი კობახიძე იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მან ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მართლა ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, არ იყო მარტივი. გახსოვთ, თუ რამხელა ზეწოლა, რა შემოტევები იყო, თუმცა ერთიანი ძალისხმევით მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და სტატუსის მიღება, თუმცა ირაკლი არსად მიდის, ის იბარებს პარტიას და ერთიანი ძალისხმევით ჩვენ შევუდგებით 2024 წლის საარჩევნო კამპანიას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა წარმატებები უსურვა ირაკლი კობახიძეს ახალ თანამდებობაზე.

„მინდა, ირაკლი კობახიძეს გულწრფელად წარმატებები ვუსურვო. მას ძალიან  დიდი როლი აქვს პარტიის სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, გაძლიერებაში. ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ასე ძლიერად არის წარმოდგენილი, ირაკლი კობახიძის ძალიან დიდი დამსახურებაა. ერთობლიობაში ეს გუნდი ქმნის ძალიან დიდ ენერგიას  და ეს ყველაფერი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება გამოყენებული“, – აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და ამაში სიახლე არაფერია.

„მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის უნდა ემსახურო შენს ქვეყანას, შენს ხალხს. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გუნდის პოზიცია ერთიანია.

„უკვე დაწყებული გვაქვს მზადება 2024 წლის არჩევნებისთვის. კამპანიას წარვმართავთ ერთიანი სულისკვეთებით და ძალისხმევით და ქართველი ხალხის დახმარებით შევძლებთ, რომ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვიდეს“, – აღნიშნა მერმა.