“ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება”

22
spot_img

ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ აქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რაიმე სასიკეთო ცვლილება მოხდება, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან ხაზგასმული იყო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების საჭიროებაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა არის, რომ 9 ნაბიჯის გადადგმა ევროკავშირის წევრობისკენ დაიწყება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ. 2024 წლის არჩევნები არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეების და თითოეული ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდეს და ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შეიქმნას.

სწორედ ამ კონტექსტში უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიისგან იყო ხაზგასმული არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, რასაც გამოხმაურება ჰქონდა ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ 9 პუნქტს მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილავს, რომ ეს 9 ნაბიჯი არის საშუალება იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ და ამას ჩვენ გავაკეთებთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, ევროკომისიის წარმომადგენელთან „ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.