კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო

84
spot_img

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული 5 არამოსამართლე წევრის ვაკანსიიდან მხოლოდ სამი ვაკანსია შეივსო.

კენჭისყრაზე წარდგენილი დანარჩენი კანდიდატებიდან (კენჭი სულ 29 კანდიდატს ეყარა) ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად კი მეორე ტური გაიმართება, სადაც ოთხი – სხვებთან შედარებით მეტი მხარდაჭერის მქონე კანდიდატები გადავიდნენ. ეს კანდიდატები არიან რუსუდან კვინიკაძე (89 ხმა), გოგა კიკალაშვილი (89 ხმა), ლევან ნემსაძე (88 ხმა) და ნინო ნიშნიანიძე (87 ხმა).

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მეორე ტური დღეს ან მომდევნო სხდომაზე გაიმართება.

„კოლეგებს ჯერ კიდევ აქვთ დრო იმისა, რომ მეორე ტურისთვის ჩამოყალიბდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ განახლებულ კენჭისყრაზე პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არ იმყოფებოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არჩეულია სამი არამოსამართლე წევრი. 90 ხმაზე მეტი ტრისტან ბენაშვილმა (93 ხმა), გიორგი გზობავამ (91 ხმა) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 ხმა) მიიღეს.

თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: – ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობას პარლამენტში სულ 84 ხმა აქვს.