“კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები უკვე ევროკავშირის პრობლემაცაა” – პაატა დავითაია

26
spot_img

სეპარატისტული ხელისუფლებები აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული ინტეგრაცია მოახდინონ რუსეთის ფედერაციასთან და ოკუპირებული ტერიტორიები და მოსახლეობა იზოლირებულ მდგომარეობაში ამყოფონ, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, აღნიშნულს “ცხადად აჩვენებს ის, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ შეუშვა კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში“.

„2023 წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ახალი პროცესი დაიწყო – ოკუპირებული ტერიტორიები აღარ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ეს უკვე ევროკავშირის პრობლემაცაა. ევროკავშირის წარმომადგენელი უკვე ღიად ჩაერთო ამ საკითხის დარეგულირებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ევროკავშირის მიერ გამოყოფილია სპეციალური თანხები, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტეგრაციის პროცესი საქართველოსთან და გატარდეს სხვადასხვა ჰუმანიტარული პროგრამები.

სეპარატისტულ ხელისუფლებებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწევს არჩევანი გააკეთოს თავისუფალ სამყაროში ცხოვრებასა და რუსეთის ფარდის მიღმა ცხოვრებას შორის, ამიტომაც მოსახლეობას უწევენ წინააღმდეგობას და მათ პროტესტს, რასაც აფხაზეთში უკვე მწვავედ გამოხატავს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც არ უჭერს მხარს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციას რუსეთთან დაკავშირებით.

ის, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი არ შეუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნათლად აჩვენებს დე-ფაქტო ხელისუფლების არჩევანს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს თვითმყოფადობის გადასარჩენად, რაც მათ შეუძლიათ მხოლოდ საქართველოსთან თანაცხოვრების პირობებში.

მოვუწოდებ, საქართველოს მთავრობას, ინტენსიური სამუშაო რეჟიმი აწარმოოს ევროკავშირთან ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რათა წარმოჩინდეს ის ქმედებები, რასაც დღეს რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს დანაშაულებრივი რეჟიმების დახმარებით“, – აცხადებს პაატა დავითაია.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული დემოკრატები“ ავრცელებენ.