“შთაბეჭდილება მექმნება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის ქართველი ავტორები გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე”

14
spot_img

შთაბეჭდილება მექმნება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის ქართველი ავტორები გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სერიოზულიც არ არის იმის განხილვა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება.

„შთაბეჭდილება მექმნება, რომ კონკრეტულად ეს ორგანიზაციები, რომლებიც შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებული იყვნენ საქართველოს ხელისუფლებაზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რადგან ამ შეფასებას რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ, სერიოზულიც არ არის იმის განხილვა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. ამ ორგანიზაციებმა ჩახედონ, მათ შორის ევროკომისიის შეფასებას, რომელიც ეხება იმას, დემოკრატიის მიმართულებით ვინ სად არის. ასევე, ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებას, რეიტინგებს და ნახავენ, სადა არის საქართველო და ჩვენი ქვეყანა. სამწუხაროდ, გაბრაზებულებმა ქართველ ხალხსა და საქართველოზე იყარეს ჯავრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ინდექსში პირველ ადგილს – მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.