“რუსეთი დარწმუნებულია, რომ შექმნის ალიანსებს დასავლეთისთვის ძირის გამოსათხრელად”- The Washington Post

55
spot_img

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი დარწმუნებულია, რომ შექმნის ალიანსებს დასავლეთისთვის ძირის გამოსათხრელად“ (ავტორი – ქეთრინ ბელტონი).

მასში განხილულია რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგრადობის მიზეზები: ქვეყნის მმართველი ელიტის მდგომარეობა, რუსეთის როლი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში და რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა რუსული ამბიციების დასათრგუნავად.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთი სულ უფრო მეტად რწმუნდება იმაში, რომ ჩინეთთან და გლობალურ სამხრეთთან“ ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებით შეძლებს „ბრძოლაში გამოიწვიოს“ საერთაშორისო საფინანსო სისტემა, რომელშიც აშშ დომინირებს და ამით დასავლეთის პოზიციებს ძირს გამოუთხრის.

რუსეთი თავის წარმატების მიღწევაში შთაგონებულია იმით, რომ უკრაინის არმიამ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი კონტრშეტევა წააგო, რომელმაც კიევის დაფინანსებაში ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ ერთგვარი ჩიხი შექმნა. დასავლეთმა და უფრო მეტად ამერიკას პრობლემა გაუჩნდა ახლო აღმოსავლეთშიც: ვაშინგტონმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ისრაელს ღაზას სექტორში შესაჭრელად, მოსკოვის აზრით, თავის თავს მიაყენა ზიანი და მისი რეპუტაცია და ავტორიტეტი რეგიონში მნიშვნელოვნად შეირყა.

მოსკოველი ოფიციალური პირები იმოწმებენ ვაჭრობის დონის ზრდას ჩინეთთან, ირანთან თანამშრომლობს, დიპლომატიური ურთიერთობების განმტკიცებას არაბულ სამყაროსთან და უმსხვილესი ეკონომიკების მქონე BRICS-ის ჯგუფის გაფართოებას, რომელსაც, უკვე არსებულის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) დაემატა ირანი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე და ეთიოპია.
„BRICS-ის გაფართოება იმის დემონსტრირებას.

წარმოადგენს, რომ მატულობს ჯგუფის ავტორიტეტი და როლი მსოფლიოს პოლიტიკაში. მისი მუშაობა დაემყარება „სუვერენულ თანასწორობას“, – ეს ვლადიმერ პუტინის ნათქვამია, რომელიც პირველი იანვრიდან BRICS-ის სხდომებს ხელმძღვანელობს. კრემლი საკუთარ თავს უკვე „გლობალური უმრავლესობის“ წევრად მიიჩნევს.

„ვაშინგტონ პოსტს“ ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, რომლებიც ევროპის სადაზვერვო სამსახურმა მოიპოვა. მათი გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ კრემლმა 2022 და 2023 წლებში რამდენიმე თათბირი ჩაატარა დოლარის კურსის დაცემისა და გლობალური ფინანსური სისტემის დემონტაჟის მიზნით, თუმცა ამას პრეზიდენტის პრესმდივანი უარყოფს.

ფაქტია, რომ რუსეთის ეკონომიკა და ფინანსური სისტემა შედარებით უფრო მდგრადი აღმოჩნდა, ვიდრე ამას დასავლეთი ფიქრობდა. ამ გარემოებამ განამტკიცა ვლადიმერ პუტინის პოზიციები ქვეყნის შიგნით, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, განსაკუთრებით რუსული ელიტის იმ წარმომადგენლების შორის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებდნენ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ „სპეციალურ ოპერაციას“ და ფიქრობდნენ, რომ რუსეთი დასავლურ სანქციებს ვერ გაუძლებდა.

„რუსულ ელიტაში განსაზღვრული კონსოლიდაცია შეინიშნება“, – ამბობს ერთ-ერთი რუსი მეცნიერი, რომელმაც სახელის გამჟღავნება არ ისურვა და რომელსაც მტკიცე კავშირები აქვს ქვეყნის მაღალჩინოსან დიპლომატებთან, – არსებობს განსაზღვრული მოლოდინი იმისა, რომ პერსპექტივაში სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვლება“.
რუსი მილიარდერები – მაგალითად, ოლეგ დერიპასკა, რომელიც თავდაპირველად უკრაინასთან ომის წინააღმდეგ გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ომი რუსეთში კრიზისს გამოიწვევსო, ახლა რუსეთისა და დასავლეთის ეკონომიკებს შორის კავშირების გაწყვეტას იმ კატალიზატორად თვლიან, რომელიც ხელს უწყობს გლობალური ეკონომიკური მოდელის ცვლილებას.

„შეიქმნება ალტერნატიული საგადასახადო სისტემები და ბაზრები, რომლებიც საგარეო ვალებს მოემსახურებიან: ჩინეთში – იუანის საფუძველზე, ინდოეთში და ახლო აღმოსავლეთში კი – კრიპტოვალუტის საფუძველზე“, – დაწერა ოლეგ დერიპასკამ თავის „ტელეგრამ-არხში“, – „რამდენიმე წლის შემდეგ სანქციები უკვე არარ იქნება მუხრუჭი მსოფლიო ვაჭრობისა და ინსვესტიციების წინააღმდეგ“.

„რუსეთი ყველაზე ძლიერი არ არის, მაგრამ რუსები ცდილობენ ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ. ამ მხრივ კრემლი თანმიმდევრულია და სისტემური“, – ამბობს ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსანი, რომელიც, სხვების მსგავსად, ანონიმურად საუბრობს დელიკატურ საკითხებზე.
იმ დროს, როცა დასავლეთის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ იმედი აქვს, რომ „ძველი კეთილი დრო დაბრუნდებაო“, რუსმა მილიარდერებმა უკვე გააცნობიერეს, რომ „ძველი ცხოვრება წარსულს ჩაბარდა და დადგა დრო ახალი მომავლის შექმნისათვის“.

ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, რუსებმა „რუბიკონი“ უკვე გადალახეს, დასავლეთი კი ვერ ბედავს. დასავლეთს სურს, რომ მისთვის ჩვეულ დროს და პერიოდს დაუბრუნდეს. მათგან განსხვავებით, რუსებმა უკვე გააცნობიერეს, რომ წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და ამიტომ კრემლი ახალი მსოფლიოს მშენებლობას ცდილობს“.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ კრემლმა, როგორც ჩანს, უარი თქვა თავის საფუძვლიანად აწყობილ პოსტსაბჭოურ ურთიერთობებზე ისრაელთან, არაბული ქვეყნების სასარგებლოდ. გავიხსენოთ ფაქტები: გასული წლის ოქტომბერში ვლადიმერ პუტინი მოსკოვში „ჰამასისა“ და ირანის მაღალი დონის წარმომადგენლებს შეხვდა, დეკემბერში კი თავისი ერთ-ერთი იშვიათი, მაგრამ მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში, რომელიც, თუ არ ჩავთვლით პეკინში, თეირანში და ბიშკეკში ყოფნას, რუსეთის პრეზიდენტის პირველ შორეულ ვიზიტს წარმოადგენს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ირანის მეშვეობით მოსკოვი სიტუაციას ისე შეცვლის, რომ მსოფლიო უკრაინის მიმართ ყურადღებას კიდევ უფრო მოადუნებს“, – ამბობს ერთ-ერთი რუსი ჩინოვნიკი, – „რუსეთი ჯერ კიდევ დიდ ნეგატიურ პოტენციალს ფლობს. არსებობენ ისეთი კონფლიქტები და ცხელი წერტილები, რომლებშიც რუსეთის ზემოქმედებით სიტუაცია გამწვავდება“.
იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარე 2024 წელს ევროპის ბევრ ქვეყანაში არჩევნები ტარდება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა, რომ რუსეთი შეეცდება ისეთი „საინფორმაციო ოპერაციების“ ჩატარებას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ძირის გამოთხრისაკენ იქნება მიმართული.

„რუსეთს იმედი აქვს, რომ ევროპის ქვეყნებში არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ან ოპოზიციური პარტიები გაიმარჯვებენ, ან კოალიციური მთავრობები შეიქმნება, რომლებიც უკრაინის დასახმარებლად პოზიტიურად არ იქნებიან განწყობილნი“, – ამბობს ჯეიმს რუბინი, აშშ-ის სპეცწარმომადგენელი.

„ვაშინგტონში გაჩენილმა ღრმა განხეთქილებამ უკრაინისადმი დახმარების გაწევის საქმეში, მოსკოვში და სხვა დედაქალაქებში რწმენა განამტკიცა, რომ აშშ უკვე პარალიზებულია“, – ამბობს მეთიუ რედჰედი, გლობალური სტრატეგიული დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი დიდი ბრიტანეთის უმსხვილეს ბანკში (HSBC-ში), ამჟამად კი ლონდონის ანალიტიკური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, – „ეს ნიშნავს, რომ მტრული სახელმწიფოები – ისეთები, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და, ალბათ, ჩინეთიც – მზად არიან თავიანთი საზღვრების გასაფართოებლად, რათა შეხედონ, თუ როგორი რეაქცია იქნება მსოფლიოში. ეს არის მიწვევა ესკალაციისაკენ“.

როგორც მიხეილ ხოდორკოვსკი ფიქრობს (იგი დევნილი ბიზნესმენია, რომელმაც ათი წელი საპყრობილეში გაატარა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა), „დასავლეთი, როგორც ჩანს, გარდამტეხ მომენტში იმყოფება. იმის მიხედვით, თუ როგორ მოახერხებს დასავლეთი რეაგირებას მზარდ გლობალურ უწესრიგობაზე და რუსეთის აგრესიაზე, შეიძლება განისაზღვროს იმ კონფლიქტების რაოდენობა, რომლებიც უახლოეს ათწლეულში მოხდება“.
„ვლადიმერ პუტინი, რა თქმა უნდა, მსოფლიო წესრიგის დარღვევას ფიქრობს – სწორედ ეს არის მისი გადარჩენის ერთადერთი სტრატეგია“, – ამბობს მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს. მისი თქმით, რაც რუსეთმა სირიაში გააკეთა, ხოლო აშშ-მა ავღანეთში (ერთმა გაიმარჯვა, მეორემ კი წააგო), „დღეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ თითქოს ამერიკა მესამე მსოფლიო ომსაც წააგებს“.

გენერალი რიჩარდ ბარონსი, დიდი ბრიტანეთის არმიის გაერთიანებული სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მატულობს დასავლეთის „სტრატეგიული ჩავარდნის“ რისკები, პოლიტიკური ნების არარსებობის გამო – უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ასამუშავებლად.

„დასავლეთი, რუსეთზე თავისი სამხედრო და ეკონომიკური ძლიერების უპირატესობით, აბსოლუტურად აბსურდულ სიტუაციაშია: დასავლეთი მძევლად ჰყავს აყვანილი რუსეთს, რომელიც მასზე შედარებით სუსტია… ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ თუ იგი ჯიუტობას კიდევ დიდხანს გააგრძელებს, დასავლეთი კიდევ უფრო დასუსტდება და ჩვენ უკან დავიხევთ… და იგი მართალი აღმოჩნდება. ეს ჩვენთვის სამარცხვინო იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთი თვითონ იზიანებს საკუთარ თავს“.
წყარო: