ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან ქვეყნის მოქალაქეთა მიგრანტ მეუღლეებს დაიცავს

16
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ზომები, რომლებიც დეპორტაციისგან დაიცავს ქვეყნის მოქალაქეების მიგრანტ მეუღლეებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, ეს პოლიტიკა მიმართულია ოჯახების ერთიანობის შესანარჩუნებლად.

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომები გავრცელდება მიგრანტებზე, რომლებიც აშშ-ში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ და აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში ლეგალურად იმყოფებიან.

საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ინდივიდუალური შემოწმების შემდეგ ასეთ მიგრანტებს მიეცემათ სამწლიანი პერიოდი მუდმივ ბინადრობაზე განაცხადის შესატანად. მათ ექნებათ აშშ-ში ოჯახებთან დარჩენის და მუშაობის უფლება.

თეთრი სახლის ცნობით, ეს ზომა დეპორტაციისგან დაიცავს აშშ-ის მოქალაქეების 500 ათას მეუღლეს და, დაახლოებით, 50 ათას ბავშვს, რომელთა მშობელი აშშ-ის მოქალაქესთან ქორწინებაში იმყოფება.

ამას გარდა, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული ახალი ზომების მიხედვით, ის პირები, ვინც აშშ-ში უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა და ამერიკელი დამსაქმებლისგან სამსახურებრივი შეთავაზება მიიღეს, სამუშაო ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ.