ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავა

106
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს ისრაელს ეწვევა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ინფორმაცია თეთრმა სახლმაც დაადასტურა. პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის კრიტიკულ მომენტში თელ-ავივში ჩაფრინდება.

ჯონ კირბის განცხადებით, ვიზიტი მოკლევადიანი იქნება და მისი მთავარი მიზანია ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობა დაადასტუროს და ხელი შეუწყოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარებას. მისივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენი განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების საკითხს და ასევე იმუშავებს უსაფრთხო გადასასვლელის შექმნაზე, რათა მშვიდობიან მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ღაზას ტერიტორიის დატოვების საშუალება ჰქონდეთ.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტის ისრაელში გამგზავრების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ.

„ცხადია, ვიზიტი არ შედგებოდა, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდით, რომ უსაფრთხოების შესაბამისი ზომები დაცულია“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.

ისრაელში ვიზიტის შემდეგ ჯო ბაიდენი იორდანიის დედაქალაქ ამანში გაემგზავრება, სადაც იორდანიის მეფე აბდულას, ეგვიპტის პრეზიდენტ ალ-სისის და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.