ჯიმ ობრაიენთან შეხვედრაზე იმ „ცნობილმა“ ზარმა დამირეკა, ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე და ყველამ მოისმინა, რაც ხდებოდა – ნიკა გვარამია

40
spot_img

ის, რომ კანონი მიიღეს, ის, რომ „რობოკოპები“ დააყენეს, ის, რომ ზარი შემოვიდა ამ რანგის შეხვედრაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ სიმბოლო და ღია განაცხადი, რომ მათ აქვთ ასეთი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, როცა შეხვედრაზე იყო, მობილურზე უცხო ნომერმა დაურეკა, ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო და ყველამ მოისმინა, რაც ხდებოდა. როგორც გვარამიამ განმარტა, აღნიშნული ზარი გინებასა და შეურაცხყოფას მოიცავდა.

„არ მოხდება ის, რომ აშშ-მ ქართველი ხალხი მიატოვოს. რა მოხდება, ამას ვნახავთ – ამას თავადაც განაცხადებენ და მე ამას ვერ დავასწრებ. ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, რომ მთელი არსენალი, რომელიც არსებობს – საერთაშორისო ზეწოლის და დემოკრატიული ზემოქმედების, ბუნებრივია, რომ განხილვაშია. როგორი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და როდის, ამას ჩვენ გავიგებთ.

მთავარი ამბავი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა რუსთაველზე და განაცხადი, რომ აშშ და ევროკავშირი, საქართველოს სახელით ილაპარაკა და შესაბამისად, საქართველოს მიერ აღარ განიხილება ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის რეჟიმში და მეგობრული ტექსტი ეს არ იყო. ეს იყო მტრული განცხადება დასავლეთის მიმართ. ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ და დასავლეთის თანაცხოვრება შეუძლებელია. მათ “უკანმოუხედაობის” წერტილი გაიარეს. უკან შემობრუნება შეუძლებელია, „ქართულმა ოცნებამ უნდა იფიქროს, რომ ხელისუფლება ისე მიიყვანოს ბოლომდე, რომ ქვეყანა არ დააქციოს.

უცნაური ამბავი მოხდა, როცა შიგნით ვიყავი, დამირეკა ტელეფონმა, იმ “ცნობილმა” ზარმა. ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე და ყველამ მოისმინა, რაც ხდებოდა. თარგმანი ცოტა უხერხული იქნებოდა, მაგრამ ყველა მიხვდა, რაც ხდებოდა. ის, რომ მიიღეს [კანონი] , ის რომ “რობოკოპები” დააყენეს (ფანჯრიდან ჩანდა), ის, რომ ზარი შემოვიდა ამ რანგის შეხვედრაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ სიმბოლო და ღია განაცხადი, რომ მათ აქვთ ასეთი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ“, – განაცხადა გვარამიამ.