ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

20
spot_img

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის გათვალისწინებული სერვისების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია, რისთვისაც უწყებამ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

„2022 წლის ნოემბრიდან, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობისა (ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) და მედიკამენტების წლიური ლიმიტი, ყველა ბენეფიციარისთვის, 25 000 ლარამდე გაიზარდა, პაციენტის თანაგადახდის გარეშე.

გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე – ონკოქირურგიის სერვისები.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა, უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, სახელმწიფომ, ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა, რაც პაციენტების საჭიროებების მეტად დაკმაყოფილებას, მეტი მედიკამენტით უზრუნველყოფასა და ბენეფიციართა მოცვის გაზრდას უწყობს ხელს.

მუდმივად მზარდია სახელმწიფო დაფინანსებაც – თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს, პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა. უშუალოდ მწარმოებლისგან, ონკოლოგიური მედიკამენტების მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეძენისა და გატარებული რეფორმების ხარჯზე, 2024 წელს, სამინისტროს, 350 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტის მედიკამენტის და სერვისის განსაზღვრის შესაძლებლობა ექნება.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა, პაციენტების საჭიროებებს, ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.

მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის მარტიდან, ამოქმედდება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას, ადრეულ ეტაპზე.

ჯანდაცვის სამინისტრო, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებთან შეხვედრებს გეგმავს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ საკითხზე, დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.