“ივანიშვილი არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, წერტილი” – გია ვოლსკი

24
spot_img

გადამწყვეტი წელია, არჩევნები მოდის და აქ გასათვალისწინებელია ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის – ივანიშვილი არის სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, წერტილი , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებას გამოეხმაურა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ოპოზიცია ხავსს ეჭიდება, როცა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს, რომელიც მან “ადამიანურ სისუსტეებზე” გააკეთა.

“ფაქტია, საზოგადოების დიდ ნაწილს, მხარდამჭერები მყავს მხედველობაში და არა მხოლოდ, საკმაოდ პოზიტიურად ეჩვენა ეს ნაბიჯი. გარდა ამისა, ეს არის 2024 წელი, გადამწყვეტი წელი, არჩევნები მოდის და რასაკვირველია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, როგორც მაკონსოლიდირებელი ძალის, აქ არის გასათვალისწინებელი. გარდა ამისა, ოპოზიცია საკმაოდ მოშლილი, მორყეულია და არანაირად არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ სწორედ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით აგრესიული გახდება მათი ქმედებებიც, საბოტაჟიც უფრო დახვეწილ ფორმებს მიიღებს. არასდროს არანაირი სანქცია არ ყოფილა ივანიშვილის გადაწყვეტილებისთვის ფაქტორი. თუმცა, ასეთი მცდელობები ჩვენი აზრით არსებობდა, თუნდაც, შვეიცარიული ბანკის პრობლემასთან დაკავშირებით კარგად გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა და სწორადაც განაცხადა, რომ არსებობს ადამიანური სისუსტეები, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ისეთ კრიტიკულ ვითარებაში, როცა წინასაარჩევნო პერიოდია, მსოფლიოში ასეთი პროცესები მიდის და რასაკვირველია წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლოა დაშვებულ იქნას რაღაც ისეთი, რომელიც გუნდს არ ახასიათებდა არასდროს, არ ახასიათებს და არც მომავალში უნდა ახასიათებდეს. ამაზე ილაპარაკა გარკვევით და არ მგონია, ამაში რაიმე ოპოზიციისთვის გადაგდებული რაიმე მაშველი რგოლი არსებობდეს. ოპოზიცია ეპოტინება ხავსს და ხავსიც კი აღარ შერჩა იმ ლოდებს, რომელიც საკმაოდ რთული, მოუხერხებელია ჩამოსაკიდებლად და გასამყარებლად საკუთარი პოზიციის. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ეს არის მთავარი ამოცანა, ბიძინა ივანიშვილი არის ამ სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი და დამთავრდა, სრული წერტილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ხომ არ შეიცვლება პრემიერ-მინისტრი და ან ხომ არ იქნება რაიმე ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის და “შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში” მედიაში არსებული ტრადიციაა.

“ცვლილებები გათვალისწინებული არ არის. პრინციპში მოვდივართ კარგად ამ ურთულეს ვითარებაში, შედარებითია ყველაფერი და ბიძინა ივანიშვილის მოსვლა “ქართული ოცნების” გუნდის კონსოლიდაციას გულისხმობს და არა დაშლას და იქ ისეთი ცვლილებების მოხდენას, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

მე არ ჩავიდოდი ეგეთ დეტალებში, მთავრობის საქმიანობა საკმაოდ კარგად იქნა შეფასებული. შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში არის ტრადიცია, რომელიც შეინარჩუნა სამწუხაროდ, მედიის გარკვეულმა ნაწილმა”, – განაცხადა ვოლსკიმ.