იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა შესაძლოა, აეკრძალოთ.
შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით, წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი.
კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ წევრები არიან, რომლებიც განმარტავენ, რომ პროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველო გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის მიერ 2023 წლის 12 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“, სადაც მითითებულია იურიდიული პირებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესაძლებლობის აკრძალვა.
მათი ცნობით, პოლიტიკური პარტიები ვეღარ დაფინანსდებიან იურიდიული პირების მიერ, ასევე შემცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა, რაც დეპუტატების მოსაზრებით, პარტიათა შორის მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის არსებობას უზრუნველყოფს და სამართლიანი სააარჩევნო გარემოს შენარჩუნებისა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობას შექმნის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ იურიდიული პირის, მათი გაერთიანების ან სხვა ტიპის ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ აკრძალული შემოწირულების განხორციელებისთვის გათვალისწინებულია შემოწირულების, ხარჯის განმახორციელებელი პირის და აკრძალული შემოწირულების, ხარჯის მესამე პირის მეშვეობით განმახორციელებელი პირის (არსებობის შემთხვევაში) დაჯარიმება აკრძალული შემოწირულების, ხარჯის ორმაგი ოდენობით.