ისრაელი სახმელეთო შეტევას ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე აფართოებს

33
spot_img

ისრაელი სახმელეთო ოპერაციებს მთელ ღაზის სექტორში აფართოებს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

 

„გუშინ, დღეს, ჩვენ „ჰამასის“ ბატალიონის მეთაურების, ასეულის მეთაურებისა და მრავალი წევრის ლიკვიდაცია განვახორციელეთ. დავიწყეთ იგივე მოძრაობა ღაზას სექტორის სამხრეთით. ეს არანაკლებ ძლიერი იქნება, ვიდრე ოპერაციები ღაზას ჩრდილოეთით, შედეგები კი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მტკიცედ და საფუძვლიანად ვიბრძოდით ღაზის სექტორის ჩრდილოეთში და ამას ახლა ვაკეთებთ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში“, – განაცხადა ისრაელის შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰერზი ჰალევიმ.

მათივე თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, “ცახალმა” “ჰამასის” ბატალიონის არაერთი მეთაური და წევრის ლიკვიდაცია შეძლო.

ხელახლა დაწყებული ბრძოლების გამო, შეერთებული შტატები ისრაელზე ზეწოლას აძლიერებს, რათა მეტი გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასევე მოუწოდა ისრაელს, უკეთ განსაზღვროს თავისი მიზნები კონფლიქტთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ “ჰამასის “სრულ განადგურებას” ათწლეულის განმავლობაში ბრძოლა დასჭირდება.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ “ჰამასმა” ზავის გარეშე დამატებით ექვსი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა. არსებული ინფორმაციით, ბანგკოკის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ტაილანდის მუსლიმური ჯგუფები მძევლობაში დარჩენილი 9 ტაილანდელის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს განაგრძობენ.