“იუნკრების ხსოვნის დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება, იყოს დაქვემდებარებული, ოკუპირებული ქვეყანა”

20
spot_img

დღეს დაღუპული იუნკრების ხსოვნის პატივსაცემი დღე არის, იუნკრების, ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციას გაუწიეს წინააღმდეგობა და წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს დღე ყოველთვის გვახსენებს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება, იყოს დაქვემდებარებული, ოკუპირებული ქვეყანა, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ, როგორც ნაწილს და პროვინციას.

„ამიტომ ეს ბრძოლის სურვილი და ჟინი ყოველთვის არის ქართველ ერში. ეს დღე გვახსენებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას დღესაც. ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება და იუნკრების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ და უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სრულად გათავისუფლების საქმე ოკუპაციიდან, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შიდა ეზოში იუნკერთა ხსოვნას პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.