ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ადგილზე 260 ცხედარი აღმოაჩინეს

197
spot_img

ისრაელში, მუსიკალური ფესტივალის ჩატარების ადგილზე ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად მოკლული 260 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ СNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ცხედრები სამაშველო ორგანიზაცია Zaka-ს მოხალისეებმა იპოვეს. „ჰამასის“ წევრებმა ფესტივალის სტუმრების ნაწილი მძევლებად აიყვანეს. ნაწილს კი, რომლებიც გაქცევას ან დამალვას ცდილობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

ფესტივალი Supernova ისრაელის სამხრეთით, უდაბნოში ტარდებოდა. „ჰამასის“ წევრები ისრაელში სწორედ ამ ლოკაციის მახლობლად შეიჭრნენ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.