ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს

155
spot_img

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და სამხედროების მობილიზაციას ახდენენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

ამასთან, მედიის ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ღაზის სექტორში საპასუხო საჰაერო თავდასხმები დაიწყეს და „ჰამასი“ გააფრთხილეს, რომ „ძალიან მძიმე საფასურს“ გადაიხდის.

„დილით „ჰამასმა“ დაუშვა სერიოზული შეცდომა და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისრაელის სახელმწიფო გაიმარჯვებს ამ ომში“, – განაცხადა გალანტმა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.