ისევე, როგორც ბეღურა არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა ღვთის ნება, როგორც ჩანს, თბილისში არცერთი კანონი არ მიიღება ვაშინგტონის მხრიდან განსჯის გარეშე-The American Conservative

48
JPG edited with https://ezgif.com/resize
spot_img

საქართველო ცოტა ხნის წინ შეძრა საპროტესტო გამოსვლებმა კანონმდებლობის მიღების გამო, რომელიც მოითხოვს არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების გამჟღავნებას. ამ დავას თბილისში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამერიკისთვის ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ასე არ უნდა იყოს, – წერს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი სპეციალური თანაშემწე, დუგ ბენდოუ გამოცემა The American Conservative-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

„საქართველოს არჩეულმა მთავრობამ უარი თქვა კანონპროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით ინსტრუქციების შესრულებაზე. ასე რომ, ბაიდენის ადმინისტრაციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააწესოს თავისი ნება“, – ნათქვამია სტატიაში.

„საქართველო იყო ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც გათავისუფლდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ. ახალი ქვეყნის დაბადება მღელვარე იყო და ვარდების რევოლუციამ მოგვიანებით ხელისუფლებაში მოიყვანა ვოლოდიმირ ზელენსკის ქართული ვერსია – მიხეილ სააკაშვილი. ის ლობირებდა ნატოში გაწევრიანებას და ამერიკის მხარდაჭერის მოლოდინში დაუშვა დამღუპველი შეცდომა, რამაც 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა გამოიწვია. ხანმოკლე ომის ფონზე თბილისმა აღმოაჩინა ამერიკული მხარდაჭერის ზღვარი. გვირაბების განადგურების წინადადებამ, რომელსაც რუსეთი იყენებდა თავისი ძალების გასაძლიერებლად, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშამდე მიაღწია, რომელმაც, საბედნიეროდ, გადაწყვიტა, რომ აშშ-ის მოკავშირე არ ღირდა მესამე მსოფლიო ომად“, – წერს სტატიის ავტორი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში კრიტიკის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ორჯერ გადაირჩიეს, ხოლო მაშინ, როცა ამერიკელ პოლიტიკოსებს სურდათ თბილისი რუსეთის შესაკავებლად გამოეყენებინათ , ქართველებმა საკუთარი კურსი აირჩიეს.

„ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს საქართველოს არჩეული პარლამენტი აიძულოს, შეცვალოს კურსი. ისევე, როგორც ბეღურა არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა ღვთის ნება, როგორც ჩანს, თბილისში არცერთი კანონი არ მიიღება ვაშინგტონის მხრიდან განსჯის გარეშე“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა არ არის არადემოკრატიული, ხოლო თავად კანონმდებლობა მოკრძალებულია: ციხეში არავინ დაჯდება, არავის ეკრძალება პოლიტიკური საქმიანობა – პირიქით, უცხოური დაფინანსება გამჭვირვალე გახდება ქართული საზოგადოებისთვის.

„რეალური წინააღმდეგობა ის არის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური ფულის დიდი ნაწილი მოდის აშშ-დან და ევროპიდან. ამიტომ ქართველი მომიტინგეები ევროკავშირის დროშას აფრიალებენ. დემოკრატიულ ღირებულებებზე მოკავშირეების მაღალფარდოვანი ლაყბობის მიუხედავად, მათ ურჩევნიათ თავიანთი საქმიანობის საიდუმლოდ შენარჩუნება. დასავლელი დამფინანსებლები შეიძლება აცხადებდნენ, რომ ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას, მაგრამ მათი საბოლოო მიზანი დიდად არ განსხვავდება უფრო ავტორიტარული სახელმწიფოების მიზნებისგან, დასვან მეგობრულად განწყობილი მთავრობები. სწორედ ამიტომაა ამჟამინდელი ხელისუფლება აღშფოთებული არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსებით“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიაში ნათქვამია, რომ Carnegie-Mellon-ის კვლევამ აჩვენა, რომ ვაშინგტონი უფრო მეტად ერეოდა უცხოურ არჩევნებში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა – 81-ჯერ 1945 წლიდან 2000 წლამდე.

„მაშინ, როდესაც მოსკოვი არეგულირებს უცხოურ დაფინანსებასა და გავლენას, იქ რეალური პრობლემა ავტორიტარული პრაქტიკაა და არა გამჭვირვალობის მოთხოვნები“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

სტატიის ავტორი ასევე განიხილავს ამერიკის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA). კერძოდ, Covington & Burling-ის შეფასებით, „FARA ისე ფართოდ არის დაწერილი, რომ სიტყვასიტყვით წაკითხვის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს რეგისტრაცია იურიდიული ფირმების ზოგიერთი რუტინული საქმიანობისთვისაც კი“.

„თუ ამერიკამ უარი არ თქვა დემოკრატიაზე ასეთი აქტის აღსრულებით, რატომ არის საქართველოს არჩეული პარლამენტის მიერ სამჯერ დამტკიცებული ზომა დემოკრატიასთან შეუსაბამო? მოკავშირეებმა, როგორც ჩანს, უარი თქვეს არჩევნებზე, როგორც დემოკრატიის საზომზე. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან რეჟიმის შეცვლისკენ, დემონსტრაციები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე არჩევნები. ეს უგულებელყოფს პატრიოტი ქართველების გრძნობებს, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართული ოცნების“ მთავრობას. რა თქმა უნდა, ბრიუსელს უფლება აქვს დაადგინოს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები, რაც შეიძლება მოიცავდეს კარგად დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიღებას. თუმცა, რა არის ვაშინგტონის ჩარევის საბაბი? ამერიკელმა პოლიტიკოსებმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენონ ქართველი ამომრჩევლისა და ლიდერების მსჯელობა, მაგრამ ეს არ ამართლებს მათ დასჯას. ამერიკელი პოლიტიკოსები მრავალგვარი გამოწვევების წინაშე დგანან. ზესახელმწიფომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები და შესაძლებლობა მისცეს სხვა ქვეყნებს, მთავრობებსა და ხალხს, მართონ საკუთარი თავი“, – წერს სტატიის ავტორი.