“ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და ის მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევა” -მდინარაძე პრეზიდენტის გერმანიაში ვიზიტზე

110
spot_img

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მთავრობისგან ამ ვიზიტზე თანხმობა არ აქვს.

„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს თანხმობა საქართველოს მთავრობის, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას. მის კომპეტენციაშია ანუ, კონსტიტუციის მიხედვით საგარეო კურსის განსაზღვრა და მოქმედება ამ კურსის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, მაგრამ არ უარსაც თავისი მიზეზები აქვს.

ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და ის მაინც მიდის, ეს კონსტიტუციის დარღვევა და უპასუხისმგებლობაა ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ამ შეუთანხმებლობას, დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები. მაგალითად, შემიძლია გაგახსენოთ – საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა. მაშინ მის განცხადებაში იყო ასეთი პათოსი, რომ თითქოს დღეს საქართველო კანდიდატის სტატუს არ იმსახურებს.

მაშინ, როდესაც ჩვენი ევროპელი კოლეგებიც კი შეფასების კრიტერიუმებით ადასტურებენ, რომ საქართველო პირველია ამ მიმართულებით და საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან საწინააღმდეგოს საუბრობს, რა თქმა უნდა რისკები არსებობს, რომ მისი ვოიაჟი (რომელსაც მთავრობა არ ეთანხმება სწორედ ამის გამო) იყოს ასევე ამ მიზნიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.