“იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8 პროცენტით შემცირდა” – საქსტატი

36
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 341.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 338.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ შემცირდა 26.2 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1 002.7 მლნ. აშშ დოლარს – კლებამ 10.1 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარში 664.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5 პროცენტია.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 232.6 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 190.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 96.4 მლნ. აშშ დოლარით.