გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი, არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა „ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.
მისივე თქმით, ეს ისეთი მნიშვნელობის საკითხია, სადაც საყოველთაო ჩართულობაა საჭირო.
“ჩვენი ამოცანაა, რომ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხები გავხადოთ საყოველთაო, სახალხო განხილვის ფარგლებში ჩვენი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ გენეტიკურად დაბადებული კაცი, ან ქალი შეიძლება სულაც არ იყოს ასე. შესაბამისად, აქ ჩვენ მოგვიწია ამ საკითხის დაინიცირება ერთი მხრივ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით და მეორე მხრივ, ეს არის ისეთი მნიშვნელობის საკითხი, სადაც საჭიროა საყოველთაო, სახალხო ჩართულობა და ამ საკითხის საბოლოოდ დაფიქსირება. ეს არის რეალურად გაგრძელება საკითხის, რომელიც ჩვენ ჯერ კიდევ 2017 წელს კონსტიტუციურ რანგში ავიყვანეთ, რომ ქორწინება ეს არის ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით. ამიტომ ჩვენ ვეკითხებით ჩვენ ხალხს აზრს, ჩვენ ვუსმენთ ჩვენს საზოგადოებას და გვინდა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იყოს ერთსულოვანი, არა ვინმეს უფლების შეზღუდვაზე, არამედ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვნის დაცვის საკითხზე. მე არ მეგულება ადამიანი, თუკი ვინმე ობიექტურად აფასებს ამ საკითხს, არ იქნება მიკერძოებული, რომ არსებობდეს არგუმენტი, რა უდგას იმას წინ, რომ ოჯახური ღირებულებები იყოს დაცული და არასრულწლოვანთა ინტერესები იყოს დაცული,” – განაცხადა ოხანაშვილმა.