“გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან „ქართუ ბანკში“ მოასწრო ფულის გადატანა”-რომან გოცირიძე

214
spot_img

ჩვენ გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ ოთარ ფარცხალაძემ ერთ-ერთი ქართული ბანკიდან „ქართუ ბანკში“ მოასწრო ფულის გადატანა, ოღონდ ლარებში, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, მან უკვე მიმართა სებ-ს წერილით, დააკონკრეტოს, რომელ საათზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოთარ ფარცხალაძეს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდოს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იქნას.

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული აგენტურა გადაეფარა აგენტს და მთელი ეს დღეებია ამ ადამიანის [ოთარ ფარცხალაძის] გამართლება მიდის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან. ფარცხალაძის დანაშაულს თქვენ ვერასდროს ჩამოირეცხავთ, ვინაიდან ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი, ის არის მრავალ დანაშაულში მხილებული და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ძალიან დაახლოებული პირი, როგორც ამბობენ, რაღაც ნათელ-მირონობაც კი აკავშირებს. ერთია, როდესაც ასე სამარცხვინოდ გადაეფარებით და იცავთ მას და მეორეა ის, თუ როგორი რისკის ქვეშ აყენებთ ქვეყანას მასზე სანქციების დაუწესებლობის გამო“-განაცხადა გოცირიძემ.

გოცირიძე ასევე ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვის თაობაზე „ქართული ოცნების“ შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საუბარი იმაზე რომ ეროვნული ბანკის არასწორად და არაკონსტიტუციურად მოიქცა, ფაქტობრივად, ქვეყნის ფინანსური სისტემის ჩამოშლის რისკის ტოლფასია. გოცირიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მოხდებოდა ის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა მთელი მსოფლიოსგან იქნებოდა იზოლირებული.

„რომელი უდანაშაულობის პრეზუმფციაზე ვსაუბრობთ? ანგარიშების შეწყვეტა, ანგარიშსწორება ნიშნავს იმას, რომ ჩამოიშლებოდა ქართული ბიზნესი. ვერცერთი მეწარმე უცხოეთში ფულს ვერ გადარიცხავდა. 1 მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელიც უცხოეთში მუშაობს ფულს ვერ გადმორიცხავდა საქართველოში. სხვათა შორის, ჩამოიშლებოდა ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკიც“, ივანიშვილის პარტნიორის კომპანია „იმედის“ მესაკუთრის, რუხაძის „ლიბერთი ბანკი“. „ლიბერთი ბანკში“ ჩვენ 1 მილიონ პენსიონერს აქვს ანგარიში გახსნილი და შეუჩერდებოდა საპენსიო ანგარიში. აპოკალიფსია, რასაც მე გეუბნებით, მაგრამ ეს მოხდებოდა. თქვენ ეს ვერ გააცნობიერეთ გუშინ. სხვათა შორის, პირველი, ვინც დაგტუქსავდათ ამ ტიპის განცხადებებისთვის, თავად ბიძინა ივანიშვილია. მან ძალიან კარგად იცის თავისი ფულის ფასი. სადაც ფულია, ის საკმაოდ გაფაციცებით ადევნებს [თვალ-ყურს]. ეროვნულ ბანკს რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, „ქართუც“ იქნებოდა სანქციის ქვეშ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ურჩევნია გაწიროს და ანგარიშები გაუყინოს თავის აგენტს, ფარცხალაძეს, ვიდრე მთლიანად ჩამოეშალოს თავის ფინანსური სისტემა. დარწმუნებული ვარ, არასდროს ახსენებთ ეროვნული ბანკის ქმედებას, ვინაიდან ეს განცხადება, ალბათ გაკეთდა სანამ ბიძინა ივანიშვილს ეძინა და მისგან მითითება არ გქონდათ მიღებული“, -განაცხადა გოცირიძემ.