“ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაიწყო გარკვეული საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე”- სოზარ სუბარი

192
spot_img

ოპოზიცია ცდილობს, „შეთქმულების თეორია“ დაარქვას იმ საფრთხეებს, რაზეც სუსის განცხადებაშია ლაპარაკი. არადა, ბოლო წლებში ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არაერთი მოწოდება და ამის არაერთი მცდელობაც ვნახეთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

სუბარის თქმით, არეულობის დამგეგმავებმა კარგად იციან ის, რასაც ადამიანთა უმრავლესობა ძალიან გვიან, მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, როცა რაიმეს შეცვლა უკვე ძალიან ძნელია – კარგად იციან, რომ სამყარო პირველი ტყვიის გავარდნამდე და მის შემდეგ ორი სხვადასხვა სამყაროა.

„მინდა მივმართო ჩვენს მრავალგზის გაწბილებულ ოპოზიციას: კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება, იმიტომ, რომ ეს არის კაცი, რომელმაც აგენტების მმართველობა დაასრულა საქართველოში და ვერასდროს ვერ ეღირსებით ისევ მმართველობაში დაბრუნებას. გეყოლებათ ის ცოცხალი „გმირები“, წეღან რომ ახსენეთ: გია ლორთქიფანიძე, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს მოქალაქეების უსასტიკეს დარბევაში 2011 წლის 26 მაისს, თბილისში; მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე, კოხტა კოდუა – ადამიანები, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებასა და წამებაში არიან მრავალგზის მხილებული და მსჯავრდებულები; ადამიანები, რომლებიც ადამიანების ზღვაში გადაგდებაში არიან მსჯავრდებულები – თქვენ გყავთ ასეთი „გმირები“ და ვერასდროს მოხვალთ ხელისუფლებაში.

მინდა, გამოვეხმაურო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები გეგმავენ დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.

დესტაბილიზაციის ეს სცენარი პირდაპირ არის დაკავშირებული ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე უარის მიღებასთან. ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ, რომ ევროკავშირის მხრიდან სტატუსზე უარს ქვეყანაში რევოლუციური პროცესები და ხელისუფლების დამხობა უნდა მოჰყვეს. ამიტომ იბრძვიან ასე გაშმაგებით, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

ოპოზიცია ცდილობს, „შეთქმულების თეორია“ დაარქვას იმ საფრთხეებს, რაზეც სუსის განცხადებაშია ლაპარაკი. არადა, ბოლო წლებში ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული არაერთი მოწოდება და ამის არაერთი მცდელობაც ვნახეთ.

სულ ახლახან, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ასეთ საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ნამდვილად ჰქონდა ადგილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობას და სახელმწიფომ კანონიერად იმოქმედა მის აღსაკვეთად.

მიმდინარე წლის მარტშიც ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს პოლიციელებს. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და მათი უცხოელი ლობისტები დღემდე ცდილობენ, რომ ამის ჩამდენი კრიმინალები გმირებად გამოაცხადონ, ხოლო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა და თბილისური სისხლიანი მაიდნის მოწყობის მცდელობა – დემოკრატიის ზეიმად,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანვე პარალელი გაავლო საქართველოში ახლა მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოსა თუ სხვა ქვეყნებში რამდენიმე ათეული წლის წინ განვითარებულ პროცესებს შორის.

„ცოტა შორეულ ამბებსაც გავიხსენებ – 1989 წლის 9 აპრილის მუხტით გამთლიანებულ საქართველოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში თბილისში შეიარაღებული სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყებოდა. დაპირისპირება, რომლის ინსპირატორი საბჭოთა „კაგებე“ იყო, მაგრამ ბარიკადების ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეები იდგნენ.

უბრალოდ, არეულობის დამგეგმავებმა კარგად იციან ის, რასაც ადამიანთა უმრავლესობა ძალიან გვიან, მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, როცა რაიმეს შეცვლა უკვე ძალიან ძნელია – კარგად იციან, რომ სამყარო პირველი ტყვიის გავარდნამდე და მის შემდეგ ორი სხვადასხვა სამყაროა.

და თუ პირველი ტყვიის გავარდნამდე ჩვენ შეგვიძლია პროცესი ვმართოთ, ამის შემდეგ ჩვენ თვითონ ვხდებით პროცესის მსხვერპლი და მისი ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება ხშირად შეუძლებელი ხდება.

ღრმად ვარ დარწმუნებული, თბილისში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება რომ მოგვეხერხებინა, რუსეთი ვერ შეძლებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების ინსპირირებას.

სხვათა შორის, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიწყო გარკვეული საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. ესეც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ რა რთულ პერიოდში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არეულობა ავიცილოთ თავიდან. ამისთვის მთავარი არის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ინფორმირებულები.

კიდევ ერთი ამბავი მინდა გავიხსენო: ე.წ. „არაბული გაზაფხულის“ პერიოდში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი ვიყავი და მის მრჩეველთა საბჭოში წარმოვადგენდი აღმოსავლეთ ევროპის, მახლობელი აღმოსავლეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონს. წელიწადში რამდენჯერმე ვიკრიბებოდით ხან ჟენევაში და ხან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ვისმენდით ანგარიშებს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და უმაღლესი კომისრის ოფისის საქმიანობის შესახებ.

მახსოვს, როგორი აღფრთოვანებით, ანთებული თვალებით გვიყვებოდნენ არაბული გაზაფხულის შესახებ უმაღლესი კომისრის ოფისის არაბი წარმომადგენლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სწორედ ეს ქვეყნები – ტუნისი, ალჟირი, ეგვიპტე, სირია, იემენი – მისცემდნენ მსოფლიოს დემოკრატიის ახალ სტანდარტს.

და ასევე კარგად მახსოვს შემდეგ შეხვედრებზე მათი სასოწარკვეთა და მათ მიერ მოყოლილი უმძიმესი ისტორიები ამ ქვეყნებში დატრიალებულ კატასტროფაზე და ამ შედეგს დღესაც ჩვენი თვალით ვხედავთ.

კარგად ვიცი, რომ დესტაბილიზაციის დამგეგმავ-დამფინანსებლების მიმართ მოწოდებებს აზრი არა აქვს, მაგრამ ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს სიმართლე, რა საფრთხეებს უქმნიან ისინი ჩვენ სამშობლოს.

ასევე, მადლობა სამართალდამცავ სტრუქტურებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გამო, რომ ამ წლების განმავლობაში არაერთხელ ააცილეს ჩვენს ქვეყანას მსგავსი საფრთხეები.

გუშინდელ განცხადებას, დარწმუნებული ვარ, დიდი პრევენციული შედეგი ექნება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, ბოლომდე მიიყვანონ ამ საქმის გამოძიება, მომავალშიც მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია ამ პროცესზე და, ბუნებრივია, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასაც ველოდებით,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.