Google ინკოგნიტო რეჟიმში მომხმარებელთა ძიებების მონაცემებს წაშლის

22
spot_img

კომპანია Google დათანხმდა, რომ ვებ ბრაუზერში ინკოგნიტო რეჟიმში მომხმარებელთა ძიებების მონაცემები წაშალოს, რათა პირადი ინფორმაციის საფუძველზე მათი იდენტიფიცირება აღარ იყოს შესაძლებელი.

ეს ცვლილება ჯგუფური სარჩელის საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც კომპანიამ უფრო დეტალურად უნდა გაასაჯაროოს, როგორ აგროვებს მონაცემებს ინკოგნიტო რეჟიმში. ასევე, სამომავლოდ ამგვარად მოპოვებული ინფორმაციის ოდენობაც შეზღუდოს.

თუ კალიფორნიის ფედერალური მოსამართლე სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს 136 მილიონ მომხმარებელზე გავრცელდება. კომპანიას ზემოხსენებული მოთხოვნები Google-ის ანგარიშის მფლობელებმა 2020 წელს წაუყენეს. ისინი მას ინკოგნიტო რეჟიმში პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვებაში ადანაშაულებენ.

ეს ეხება ინფორმაციას, რომელიც 2023 წლის დეკემბერში და უფრო ადრეა შეგროვებული. თუ ის არ წაიშლება, მაშინ დეიდენტიფიკაცია უნდა განხორციელდეს. მომჩივნები 5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხას ითხოვდნენ, რაც Google-ის მიერ მოპოვებული პერსონალური ინფორმაციის ღირებულების მიხედვითაა გამოთვლილი. ამის მიუხედავად, მას ვერ მიიღებენ, თუ ცალკეულ ზარალზე განაცხადს არ შეიტანენ.

„ეს სარჩელი მსოფლიოში მონაცემების უდიდესი შემგროვებლის მიერ ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მიღებას უზრუნველყოფს და ინტერნეტში ჩვენი პირადი სივრცის დაცვის გაუმჯობესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – წერია სასამართლო დოკუმენტში.

თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ბრალდებები დაუმსახურებელია, რადგან ინკოგნიტო რეჟიმთან ასოცირებულ ინფორმაციას პერსონალიზაციისთვის არ იყენებენ. ასევე, ამბობენ, რომ მზად არიან, ძველი ტექნიკური მონაცემები წაშალონ.

აღსანიშნავია, რომ Google-მა უკვე შეიტანა ცვლილებები ინკოგნიტო რეჟიმში ძიების პირობების ტექსტში, რომელიც მომხმარებლებისთვისაა ხილული. უნდა ითქვას ისიც, რომ კომპანია საშუალებას გვაძლევს, ამ ფუნქციით სარგებლობისას ე.წ. მესამე მხარის ქუქი ფაილები დავბლოკოთ.